დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის ფარგლებში ჟოზე მოურინიო დაუპირისპირდება მისთვის კარგად ნაცნობ ლონდონის ჩელსის, ამჯერად ლისაბონის ბენფიკას დამრიგებლის რანგში. აღსანიშნავია, რომ 8 მოგებული თასით, პორტუგალიელი სპეციალისტი დღემდე რჩება "არისტოკრატების" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან თავკაცად.
სტემფორდ ბრიჯის ბინადრების აღზევება დაიწყო სწორედ "არწივების" ამჟამინდელ მწვრთნელთან ერთად, 2004 წლიდან და იმის შემდეგ, ინგლისური კლუბი ევროპაში რამდენიმე სეზონით საკმაოდ მრისხანე ძალას წარმოადგენდა. ყველაფერი დასრულდა კონფლიქტით, "განსაკუთრებულსა" და რომან აბრამოვიჩს შორის.
უთანხმოებას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, პირველი - რუსი ბიზნესმენი ითხოვდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რასაც მოურინიო ვერ ახერხებდა; მეორე - ჩელსის პრეზიდენტი ითხოვდა სათამაშო სტილის შეცვლასა და უფრო შემტევ ტაქტიკაზე გადასვლას; ბოლოს კი მესამე - ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერი.
უკრაინელი თავდამსხმელის გაფორმება იყო არა პორტუგალიელი მწვრთნელის ინიციატივა, არამედ აბრამოვიჩის. მას გეგმაში ჰქონდა პოსტ-საბჭოთა სივრცის საუკეთესო მოთამაშეების ლონდონში მოქცევა და ცნობისთვის, რუსი ბიზნესმენი კახა კალაძის გადმობირებითაც იყო დაინტერესებული.
რომანმა ფინანსური თვალსაზრისით გაამზადა ისეთი წინადადება, რომელზეც უარი ვერც მილანმა და ვერც უკრაინის ნაკრების კაპიტანმა თქვა. უფრო კონკრეტულად კი "როსონერიმ" თავისი მე-7 ნომრის სანაცვლოდ მიიღო 44 მილიონი, რაც 2006 წლისთვის საკმაოდ დიდი ფული იყო.
რა მოხდა შემდეგ? ჟოზემ ვერ მოახერხა შევჩენკოს ათამაშება და მისი ტრანსფერი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად "არისტოკრატების" ისტორიაში. თავად განსაჯეთ: მილანის ინტერის ყოფილი დამრიგებლის ხელმძღვანელობით უკრაინელმა ფორვარდმა ინგლისის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში სულ რაღაც 4 ბურთი შაგდო.
სწორედ ანდრეის სათადარიგოთა სკამზე დასმა იყო უკანასკნელი წვეთი "განსაკუთრებულისა" და სტემფორდ ბრიჯის ბინადრების პრეზიდენტის ურთიერთობაში. როგორც ვიცით, მოუ წლების შემდეგ აბრამოვიჩის კლუბში მაინც დაბრუნდა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორია არის.









