როგორც მოგეხსენებათ, დინამო თბილისი თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეკრებაზე იმყოფება, ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგურ მატჩებს მართავს.
გუნდთან ერთადაა გამოცდილი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა, რომელმაც მზადების საწყისი ეტაპი წარმატებით გაიარა და ამხანაგურ მატჩებშიც ითამაშა, თუმცა შეკრების მეორე ნაწილში ტრავმა მიიღო.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, კანკავას ტრავმა მძიმეა, მას მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება აქვს და ოპერაციას საჭიროებს. ჩვენივე ინფორმაციით, კანკავა ოპერაციას მარტის თვეში გაიკეთებს.
შესაბამისად, 39 წლის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დინამო თბილისს რამდენიმე თვით, მინიმუმ ზაფხულამდე ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 1 მარტს, დინამო ბათუმთან საშინაო მატჩით დაიწყებს.









