ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დღეს იწყება. პირველ სათამაშო კვირაში მატჩები 3 დღეზე იქნება გადანაწილებული.
მოქმედი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი ასპარეზობას ხვალ, 17 სექტემბერს დაიწყებს. ლუის ენრიკეს გუნდის პირველი მეტოქე ატალანტა იქნება.
პარიზელები ამ დაპირისპირებას სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. გუნდის წამყვანი ფეხბურთელები უსმან დემბელე და დეზირე დუე ტრავმების გამო ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. დაზიანება აწუხებს ლუკას ბერალდოსაც, რომელიც ასევე ვერ შეძლებს იტალიურ გუნდთან თამაშს.
რაც შეეხებათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ლიი კანგ-ინს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, როგორც ქართველი, ისე სამხრეთკორეელიც სამატჩო განაცხადში მოხვდება.









