გასულ სეზონში, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.
25 წლის შემტევი რეაბილიტაციის პროცესს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თბილისში გადიოდა, ერთი კვირის წინ კი ინგლისში გაფრინდა და უოტფორდს წინა სასეზონო მზადებაზე შეუერთდა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ჩაკვეტაძის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. უოტფორდსა და მერაბ ვარძუკაშვილს შორის, რომელიც ჩაკვეეს მკურნალობის პროცესში არის ჩართული, აქტიური კომუნიკაციაა.
ჩაკვე მსუბუქად, ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ეტაპობრივად დაიწყებს სტადიონზე ინდივიდუალურ ვარჯიშებს და დინამიკაში გვეცოდინება, როდის ჩაერთვება ის გუნდთან ერთად ვარჯიშში.
ამჟამად, ჩაკვეტაძე მოსამზადებელ ეტაპს უოტფორდთან ერთად გადის, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ახალ გუნდში ვიხილოთ.როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჩაკვეს მიმართ რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის პრემიერ ლიგის გუნდებიც.
თუმცა მას უოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და თუ წელს კლუბის მიზანი პრემიერ ლიგაში გადასასვლელად ბრძოლა იქნება, ჩაკვეს შენარჩუნებას აუცილებლად შეეცდებიან.









