მე-17 წუთზე სასუოლომ ანგარიში გახსნა და ყველამ იფიქრა, ამ გუნდს კალცონა კი არა, გვარდიოლაც ვერ უშველიდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ, ნაპოლი "დაიქოქა" და 6 უპასუხო გოლი გაიტანა.
ძრავი დაიქოქა და წინა ადგილებზე კვარაცხელია და ოსიმენი ისხდნენ. ალბათ, მატჩისწინა შეკრებაზე, სასტუმროში კვარაცხელიამ და ოსიმენმა წინა დღით მანჩესტერ სიტის თამაშს უყურეს. დე ბრუინი-ჰოლანდის დუეტის საოცარი პერფორმანსი მათთვის ინსპირაციის წყარო გამოდგა.
ლუტონთან მატჩში, დე ბრუინმა ჰოლანდს 4 საგოლე გადაცემა გაუკეთა, ნორვეგიელმა ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა. დღეს საქმეში ნიგერიულ-ქართული დუეტი ჩაერთო - კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ოსიმენმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

...მაგრამ ეს წამიერი გაბრწყინება იყო თუ ძველი დიდების დაბრუნება? - აქ რამდენიც არ უნდა ვწეროთ, ამ კითხვას პასუხი მომდევნო მატჩებში გაეცემა. მატჩებში, სადაც ნაპოლის და მის ახალ მწვრთნელს დიდი გამოცდა ელის - ჯერ იუვენტუსი, შემდეგ კი მიჯრით ტორინო, ბარსელონა და ინტერი.
ყოველ შემთხვევაში, დიდი ანგარიშით (1:6) გამარჯვება ნაპოლისთვის აუცილებელი იყო, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ, გუნდს რწმენის დაბრუნება, კარგი ხასიათი და გამარჯვების მენტალიტეტით მოედანზე გასვლა სჭირდებოდა.
გამანადგურებელმა დუეტმა გულშემატკივარს თავი გაახსენა. შეცვლებთან დაკავშირებით კალცონას უცნაურ გადაწყვეტილებებს კვარა-ოსიმენმა თავიანთი თამაშით უპასუხეს და მწვრთნელს აზრი შეაცვლევინეს. თუ წინა კვირას კალცონა ამბობდა ისინი იმიტომ შევცვალე, რომ მოედანზე უკეთესი მოთამაშეები დავტოვეო, დღევანდელი მატჩის შემდეგ, მან განაცხადა, რომ კვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
თუ ნაპოლის წინა წელს სეზონის პირველი ნახევარი იმდენად მაგარი ჰქონდა, რომ ჩემპიონობა გაინაღდა და მეორე ნახევარში ჩავარდნა დაეწყო, იმედი ვიქონიოთ, წელს პირიქით იქნება და ყველაფერი ახლა იწყება.
დღეს, კვარაცხელიამ კრიტიკოსებს უპასუხა და გააჩუმა. ამბობდნენ, ბოლო პერიოდში ხვიჩა ჩამქრალიაო. არადა, ხვიჩა ჩამქრალი არასდროს ყოფილა. უბრალოდ, წინა მატჩებში რაღაც აკლდა და ეს "რაღაც" ვიქტორ ოსიმენი იყო.












