საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩრდ.მაკედონია 2:1 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად ფლეი-ოფში მოხვდნენ.
მატჩის გმირი ნოდარ ლომინაძე გახდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს ფლეი-ოფის საგზური მოუტანა.
LaGazzetta.ge ლომინაძეს დაუკავშირდა და ამ მატჩის ემოციებზე ესაუბრა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ჩვენი უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი გოლი გავუშვით და სიტუაცია გაგვირთულდა. კარგია, რომ ერთად დგომით და ბოლომდე ბრძოლით სასურველ მიზანს მაინც მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ."
პირველი გოლი გაუშვით და ყველაფერი უფრო გართულდა, რა იგრძენი გაშვებული გოლის დროს?
"გოლი რომ გავუშვით, ისეთი ცუდი გრძნობა დამეუფლა, ვერ გეტყვით, მაგრამ რომ ვხედავდი, როგორ გვამხნევებდა მთელი ტრიბუნა და იქ მსხდომი ჩვენი ოჯახის წევრები, რწმენა მოგვეცა, რომ ამ თამაშის მოგება მაინც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ერთად დგომით ყველაფერი გამოვა."
.საბოლოოდ, მატჩის გმირი გახდი...
"როცა კარისკენ დავარტყი, დარტყმის მომენტში არ მეგონა, რომ გოლი გავიდა. ამას ხალხის რეაქციიდან მივხვდი და წამიერად გავბედნიერდი. ამ გოლმა ისეთი სიხარული მომანიჭა, სიტყვებით ვერ აღვწერ.

როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებს?
"ფლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ვინც არ უნდა იყოს, ევროპის ჩემპიონატზე უეჭველი უნდა გავიდეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთმანეთის ნდობით, ერთად დგომით და ბოლომდე ბრძოლით ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია."
როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ეს გამარჯვება გუნდის ხასიათის და ბრძოლის დამსახურებაა, შენც ასე ფიქრობ?
"რამაზ სვანაძესთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ და ის ბრწინვალე ადამიანია. ჩემი აზრით, ჩვენი წარამტების მთავარი გასაღები ერთმუშტად დგომაა. ამ კომპონენტში ალბათ თითქმის ყველა ტოპ ნაკრებებს ვჯობივართ. ჩვენი ასეთი თვისებების გამოხატვა კი სწორედ სვანაძის დამსახურებაა."
ბოლოს შენზეც გვითხარი. ბოლო წლებში ისე ხდება, რომ დინამო თბილისში ირიცხები, თუმცა სხვადასხვა გუნდებში იჯარით გიშვებენ, რა არის ამის მიზეზი?
"საკუთარ თავთან ბევრი მუშაობა მჭირდება. ისე ხდება, რომ დინამო თბილისში სათანადოდ ვერ ვთამაშობ, რეგიონის კლუბებში კი ვთამაშობ. მსურს ამის მიზეზები რაც შეიძლება მალე ვიპოვო. თბილისში ვერ ვთამაშობ, სხვა ქართული კუთხის გუნდებში კი პირიქით - უცნაურია, მაგრამ ასეა."









