797 მილიონი ევრო - სწორედ ეს თანხა გამოიმუშავეს საფეხბურთო აგენტებმა 2023 კალენდარულ წელს, წერია ფიფას ოფიციალურ მოხსენებაში, რომელიც გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გამოქვეყნდა. საუბარია საერთაშორისო ტრანსფერებზე, როდესაც მოთამაშე ერთი ქვეყნის ლიგიდან გადადის სხვა ლიგაში.
2022 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლი 175 მილიონით, ანუ 28%-ით გაიზარდა. მხოლოდ გასულ ზაფხულს გამომუშავებული იქნა 651 მილიონი, აქედან 472 მილიონი აგენტებმა მიიღეს კლუბებისგან, რომლებმაც ესა თუ ის მოთამაშე იყიდეს, 179 მილიონი კი გაყიდვის შედეგად. საერთო ჯამში კი კლუბებს შორის ტრანსფერებზე 6.87 მილიარდია დახარჯული.

როგორც აღვნიშნეთ, 797 მილიონი სწორედ აგენტებმა მიიღეს, რაც საერთო თანხის თითქმის 10%-ია. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 5.8%-ს უდრიდა. ფიფამ გამოაქვეყნა აგენტებზე დახარჯული 2022 წლის მოხსენებაც, რომელიც ასეთია: პრემიერ ლიგიდან აგენტებმა გამოიმუშავეს 180 მილიონი ევრო, სერია ა-დან 79 მილიონი, ლა ლიგიდან 54 მილიონი, ბუნდესლიგიდან 50 მილიონი, ლიგა 1-დან კი 27 მილიონი.

ისმის კითხვა - რით არის განპირობებული თანხების ზრდა? ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის საუდის არაბეთის ლიგის სატრანსფერო ბაზარზე შემოჭრა. აზიელებმა დახარჯეს თითქმის მილიარდი, მოთამაშეების ხელფასების გათვალისწინების გარეშეც. როგორც გვახსოვს, არაბეთში გადავიდნენ კარიმ ბენზემა, ნეიმარ ჟუნიორი, სადიო მანე და ბევრი სხვა ვარსკვლავი.
ხელგაშლილობა შეინიშნებოდა ევროპაშიც, გავიხსენოთ თუნდაც ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემის ტრანსფერებიც, რომლებიც მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს 100 მილიონზე მეტი დაუჯდათ. სხვები: რანდალ კოლომუანი (95 მილიონი), იოშკო გვარდიოლი (90 მილიონი), რასმუს ჰოილუნდი (74 მილიონი) და ა.შ. ერთი სიტყვით, საფეხბურთო კლუბები ბევრ ფულს ხარჯავენ, აგენტების ანგარიშებზე კი უფრო და უფრო მეტი ირიცხება.

Iacopo Iandiorio © RCS MEDIAGROUP











