მოჰამედ სალაჰი აფრიკის ერთა თასზე კვლავ ბრწყინავს. ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა ტურნირზე გაიტანა თავისი მეოთხე გოლი, ეგვიპტის ეროვნული გუნდი კი კოტ დ'ივუართან მოგებით გავიდა 1/2 ფინალში, რომელშიც სენეგალს შეხვდება. საინტერესოა, რომ ლივერპულის ლიდერს "ფარაონებში" უკვე 100 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა.
ეგვიპტელი თავდამსხმელის ანგარიშზეა 65 გოლი და 35 საგოლე გადაცემა, ეს ყველაფერი კი 111 მატჩში. მასზე სწრაფად 100-ქულიან ნიშნულზე თავის ეროვნულ გუნდში ავიდა მხოლოდ 2 მოთამაშე: ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე (77 შეხვედრა) და ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი (94 შეხვედრა).
"წითლების" ათიანი ამ მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუის სუარესი, რობერტ ლევანდოვსკი და სხვები.









