დღეს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის. ეს იქნება 2025 წლის ბოლო მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრას არცერთი ნაკრებისთვის მოტივაცია არ აქვს, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსები ორივე ნაკრებმა დაკარგა.
3 დღის წინ, ჩვენმა ნაკრებმა შინ ესპანეთთან უშანსოდ წააგო და მათი მთავარი მიზანი და მოტივი ისაა, რომ ბოლო მატჩი მოიგოს და წელი კარგი განწყობით დაასრულოს.
დისკვალიფიკაციის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. ნაკრებს საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, ის ახალწვეულმა სანდრო ნარიმანიძემ ჩაანაცვლა.
უკვე ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ბულგარეთის ნაკრებს თამაში არ მოუგია. ბოლოს მათ 2024 წლის 15 ნოემბერს ლუქსემბურგს სძლიეს.
საქართველოსა სა ბულგარეთის ნაკრებების წინა მატჩი დინამო არენაზე შედგა და ჩვენი მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "წინა თამაშისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება, რადგან პირველ მატჩში ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე ნაკრებს გვქონდა ახლა კი სიტუაცია სხვაგვარია. რა თქმა უნდა, ამ მატჩში ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, რადგან ოფიციალური მატჩია და ჩვენი გეგმაა, რომ მომდევნო შესარჩევ ციკლებს და ერთა ლიგას კარგ განწყობაზე შევხვდეთ, რადგან მოგეხსენებათ, შემდეგ ორ შეკრებაზე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გავმართავთ. ფეხბურთი ასეთი სპორტია - ხან კარგი პერიოდი გაქვს, ხან ცუდი. შესაბამისად, ხალხი ხან კრიტიკულია, ხან ბედნიერი. ყველა ქვეყანაში ასე ხდება, მხოლოდ საქართველოში არა. ვფიქრობ, ვიპოვით ძალას, რომ მალე კვლავ კარგ სვლას დავუბრუნდეთ."
ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):"ბულგარეთთან პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ვიცი, რომ კომპაქტური გუნდია, განსაკუთრებით დაცვაში. აქ მოსაგებად ვართ ჩამოსული, თუმცა ადვილი არ იქნება, რადგან ბულგარეთს ჯგუფში - ქულა აქვს და შეეცდებიან, რომ ქულები მათაც მოიპოვონ.განსხვავებული მოლოდინები იყო. სხვა რამეს ველოდით და სხვა შედეგი დადგა. მთავარია, ამ ცუდ პერიოდს თავი მალე დავაღწიოთ.ამ შეკრებაზე გამოჩნდა, რომ ყველა ფეხბურთელს ერთი მიზანი აქვს - ერთად დავუბრუნდეთ წარმატებულ გზას და კვლავ გავახაროთ გულშემატკივარი"
ბულგარეთი - საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი, საკვალიფიკაციო ეტაპი
18 ნოემბერი, 23:45
ვასილ ლევსკის სტადიონი, სოფია
მთავარი მსაჯი: იაკობ კელეტი (დანია)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მამუჩაშვილი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე, დავითაშვილი









