საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ევროპირველობისთვის 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული შემადგენლობიდან თერთმეტს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს.
ევროპირველობას ტრავმის გამო გამოტოვებს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც შარშან მაისში, საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს დაშავდა და ამ დრომდერეაბილიტაციას გადის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე
მთავარი მწვრთნელი:ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე
მალმეში (შვედეთი), ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას სლოვენიაში გაივლის. ჩვენი გუნდი სლოვენიაშივე ქუვეითთან და ალჟირთან ჩაატარებს ორ ამხანაგურ შეხვედრას.
ევროპის ჩემპიონატს (15 იანვარი – 1 თებერვალი) სამი თანამასპინძელი – დანია, ნორვეგია და შვედეთი ჰყავს.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, პირველ მატჩს 17 იანვარს, ხორვატიასთან გამართავს, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებს ეთამაშება.









