ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა მსოფლიოს მოქმედ, 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 19 ივლისს გასამართი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
„ბოკესთან“ მატჩში თავის 122-ე კეპს მოიხვეჭს 37 წლის ფრთა ალექსანდრე თოდუა და ეროვნულ გუნდში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენს, დავით კაჭარავას გაუტოლდება, რომელიც ამჟამად რაგბის კავშირის პრეზიდენტია. თოდუას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა და ამ პერიოდში გამართულ 121 მატჩში 21 ლელო გაიტანა.
სამხრეთ აფრიკასთან შეცვლაზე შესვლის შემთხვევაში ოფიციალური სანაკრებო დებიუტი ექნება მეორეხაზელ დემურ ეფრემიძეს. გასულ კვირაში მან ‘ჩიტასის’ წინააღმდეგ ბორჯღალოსანთა კვართით პირველად ითამაშა, მაგრამ ეს სანაკრებო კეპად არ ითვლება, რადგან მეტოქე კლუბი იყო და არა ნაკრები.
მთლიანობაში, ქოქრილმა თითქმის ის შემადგენლობა შეარჩია, რომელმაც თბილისში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. 23-კაციან განაცხადში სულ 3 ცვლილებაა - ერთი დამწყებთა შორის და ორიც მარქაფაში.
„მბომბელა სთედიუმზე“ საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრა თბილისის დროით, 19:10 საათზე დაიწყება.
ტესტ-მატჩი. 19 ივლისი
მბომბელა. „მბომბელა სთედიუმი“. 19:10 (საქ. დრო)
სამხრეთ აფრიკა - საქართველო
საქართველო
ხაზი:15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება:1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
მარქაფა:16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი, ირაკლი ტყემალაძე









