საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 და 24 ნოემბერს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს ფინეთთან გამართავს. 21 ნოემბერს ჰელსინკიში ითამაშებს, 24-ში კი ფინეთს თბილისში დაუპირისპირდება.

ნაკრებში 3 ახალწვეულია, ქუთაისი 2010-ის წევრი, 20 წლის გიორგი სულაბერიძე, გორის ივერიონის ცენტრი, 25 წლის ივანე მეგენეიშვილი და თსუ-ს 16 წლის გამთამაშებელი, ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილი და მის ასაკობრივ გუნდებში მოთამაშე მათე ყავლაშვილი. ესპანეთიდან თბილისში ჩამოვიდა და 12 კაცში მოსახვედრად იბრძოლებს ასევე 16 წლის მათე ხატიაშვილი, რომელსაც მცირე ასაკის მიუხედავად ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშის საკმაო სტაჟი აქვს. ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ილიას ზუროსმა გამოიძახა და 14 წლის მოზარდმა ეროვნულ გუნდში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. გასულ ზაფხულს კი ხატიაშვილი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფი ჩვენი ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა.
ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება არასრული შემადგენლობით – 11 ნოემბრიდან დაიწყო. 3 დღის განმავლობაში ალეკსანდარ ჯიკიჩი ნაკრებს დიღმის არენაზე ავარჯიშებს, ხოლო ფინეთში გამგზავრებამდე ბოლო 3 დღეს გუნდი თბილისი არენაზე მოემზადება. ეროვნული გუნდი ფინეთში 18 ნოემბერს გაემგზავრება და მზადებას ჰელსინკიში განაგრძობს, სადაც ნაკრებს ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.
პირდაპირ ფინეთში ჩავა ის ამერიკელი ლეგიონერიც, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს 21 ნოემბერს ფინეთთან მატჩში. ასეთი ორია – ჯო ტომასონი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ახალი ნატურალიზებული ამერიკელი, ესპანური ბასკონიას წევრი, კამარ ბოლდუინი.
მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს დაბრუნებული ლუკა ლიკლიკაძე ნაკრებსაც დაუბრუნდა, რომელმაც 2023 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთი მწვრთნელი დაემატა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისათან და მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად ნიკა ცინცაძე იქნება. ბოისა და მარკოიშვილი უცხოურ კლუბებში – შესაბამისად ბერძნულ მარუსიში და მონაკოში მუშაობენ, რის გამოც ნაკრებს მოგვიანებით, ფიბა-ს სანაკრებო ფანჯრის ოფიციალურად გახსნის შემდეგ შეუერთდებიან.










