საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" სტრუქტურული ცვლილებებია. სიახლეების შესახებ, დღეს გუნდის პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ, გიორგი ყიფიანმა და ბორდის წევრმა, შოთა არველაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კლუბში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე და იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა, ინვესტიციების მოზიდვა, კლუბის სისტემური განვითარება, აკადემიის მუშაობის გაუმჯობესება და ფანბაზის შექმნა/გაძლიერება.
ბორდის წევრებს შორისაა ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების მიზნით, „ლოკომოტივს“ ცოდნასა და გამოცდილებას უსასყიდლოდ გაუზიარებს:
შოთა არველაძე ("ლოკომოტივის" ბორდის წევრი):
"მინდა ლექსო თოფურიას მადლობა ვუთხრა, რადგან საქართველოში რთულ დროს ყოველთვის ჩართული იყო ფეხბურთში და მხარს უჭერს ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას. მივიღე გამოწვევა, გუნდმა არსებობის ისტორიაში, წარმატების მიღწევაც შეძლო, გაზარდა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი. ჩემი "ლოკომოტივში" ყოფნის არსი არის ის, რომ ვიქნები ბორდში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, შემიძლია ჩავერთო და გამოცდილება გავუზიარო, რაც ხელს შეუწყობს კლუბის წარმოჩენასა და ასევე სწრაფად შევძლო, თანაინვესტორის/პარტნიორის დაინტერესება. მივაწოდო ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი კლუბი და ფუნდამენტი იმისა, რაც აქამდე გაკეთდა. ბევრად მეტი საინტერესო პროექტის გაკეთება იქნება შესაძლებელი."
ლექსო თოფურია („ლოკომოტივის“ პრეზიდენტი):
"გადავწყვიტეთ, მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გამოგვეყო ამ მიზნით, შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, ბორდი, რომლის ხელმძღვანელი იქნება გიორგი ყიფიანი. ის აქამდე „ლოკომოტივში“ ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა და დიდი გამოცდილება აქვს, ასევე ბორდის წევრი იქნება შოთა არველაძე. იმედი გვაქვს, ბორდის მეშვეობით მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ და მართვის უკეთესი მეთოდი გვექნება. "
გიორგი ყიფიანი („ლოკომოტივის“ პრეზიდენტი):
" ლოკომოტივში“ განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, ჩამოყალიბდა ბორდი, რისი მიზანიც ინვესტიციების მოზიდვა და მათი სწორად გახარჯვა იქნება. ასვე გვინდა ყურადღება მივაქციოთ აკადემიას, რადგან იცით ჩვენნაირი ქვეყნისთვის აკადემიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ვიზრუნებთ სპორტული შედეგების გაუმჯობესებაზე და იმედი გვაქვს, ძალიან მალე შევძლებთ ამას. ასევე, გვინდა გავზარდოთ გულშემატკივართა რაოდენობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაკავშიროთ „ლოკომოტივს“, ქომაგის გარეშე ცარიელ ტრიბუნებზე, პრაქტიკულად აზრი არ აქვს ამ სფეროს. გვინდა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ჩემს მიერ ჩამოთვლილი კომპონენტები საგრძნობლად იყოს გაუმჯობესებული და გვჯერა, ეს თუ გაუმჯობესდება კლუბიც ავა მაღალ საფეხურზე. "









