აფრიკის ერთა თასი მიმდინარეობდა სენსაციებისა და სკანდალების გარეშე, თუმცა უშუალოდ ფინალმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი სანახაობა გვაჩუქა. კონტინენტის პირველობის დასკვნით შეხვედრაში სენეგალი დაუპირისპირდა მაროკოს და უნდა ითქვას, რომ ძირითად დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
ჰოლივუდური სცენარი განვითარდა 92-ე წუთიდან, როდესაც "ტერანგამ" გახსნა ანგარიში, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა, ნდალა ნდანგომ ჩათვალა, რომ აბდულაიე სეკი გოლის გატანის მომენტში აშრაფ ჰაკიმიზე წესებს არღვევდა. გოლი გაუქმდა, რის შემდეგაც 96-ე წუთზე შანსი უკვე "წითლებს" მიეცათ.
კონგოელმა არბიტრმა "მწვანეების" საჯარიმოში შენიშნა წესების დარღვევა ბრაჰიმ დიასის წინააღმდეგ და "ატლასის ლომების" სასარგებლოდ 11-მეტრიანი დანიშნა. მომხდარით განრისხებული პაპ ჩაუს შეგირდები პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ მინდორს და თამაშის შეწყვეტას ემხრობოდა თავად დამრიგებელიც, მაგრამ გუნდის კაპიტანმა, სადიო მანემ შეძლო მათი გადარწმუნება.
შედეგად, მატჩი განახლდა 114-ე წუთზე, სენეგალის კარში პენალტის დანიშნვის მომენტიდან. ნიშნულთან მივიდა თავად დაზარალებული, მადრიდის რეალის ფლეიმეიქერი, რომელიც დარტყმამდე განიცდიდა უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როგორც ედუარდ მენდისგან, ისე რაბატში შეკრებილი "ტერანგას" ფანებისგან.
მაროკოელმა შემტევმა ვერ გაუძლო წნეხს და დარტყმის მომენტში მიიღო ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლებოდა - პანენკის შესრულება. სენეგალელ გოლკიპერს 26 წლის ფლეიმეიქერის დარტყმის მოსაგერიებლად გადახტომაც კი არ დასჭირდა. ეს მომენტი გამოიყურება იმდენად არარეალურად, რომ ბევრის აზრით, "სამეფო კლუბის" 21-ე ნომერი გამიზნულად არ აპირებდა გოლის გატანას.
ამით, აფრიკის ერთა თასის ისტორიაში ყველაზე დრამატული მატჩი არ დასრულებულა. დამატებულ დროში "მწვანეებმა" გაიტანეს კვლავ, მაგრამ ამჯერად ნდანგოს გოლი არ გაუუქმებია. ჩემპიონობის მომტანი ბურთი შეაგდო პაპე გუეიემ, რომელმაც სენეგალს კონტინენტის პირველობის რიგით მე-2 ტიტული მოუტანა.
საინტერესოა, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით გახდა სწორედ ბრაჰიმი, თუმცა ის ამავდროულად მარცხის სიმბოლოდაც იქცა. მაროკოელი ქომაგები წყევლიან იმ დღეს, როცა დიასმა ესპანეთის ნაცვლად მათი ეროვნული გუნდი აირჩია. სწორედ ასეთი შინაარსის შეტყობინებებს იღებს სანტიაგო ბერნაბეუზე მოთამაშე ფლეიმეიქერი.









