ტურინის იუვენტუსში აშკარა კრიზისია - "ბიანკონერიმ" ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა, ისიც ფროზინონესთან. მაქს ალეგრის იუვენტუსის ანგარიშზე 4 წაგება და 4 ფრეა, გუნდი ანტირეკორდზე გავიდა: სერია ა-ს ისტორიაში, მას შემდეგ რაც 3-ქულიანი სისტემა შემოვიდა (1994 წლიდან დღემდე), 30 ტურის შემდეგ იუვენტუსი პირველადგილოსანს 20 ქულით პირველად ჩამორჩება. ამ ყველაფერს კიდევ ერთი ძალიან ცუდი სტატისტიკაც ემატება, კერძოდ 30 ტურის შემდეგ, გუნდს მხოლოდ 44 გატანილი გოლი აქვს, რაც 1998/99 სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
მასიმილიანო ალეგრის საქმე საკმაოდ ცუდად არის, მის პოტენციურ შემცვლელებზე კი კლუბში უკვე ფიქრობენ. კრისტიანო ჯუნტოლის ნომერ 1-ელი სამიზნე კი ტიაგო მოტაა, რომლის ხელმძღვანელობით ბოლონია ამ სეზონში საოცარ ფეხბურთს გვთავაზობს.
"როსობლუ" იუვენტუსს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. დიდი ალბათობით, ბოლონია მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გუნდის სათავეში კვლავ ტიაგო მოტა იქნება თუ არა. იუვენტუსის გარდა 41 წლის სპეციალისტით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.