სექტემბრის თვეში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
თურქეთთან შანსებზე
ბოლო წელიწადნახევარში ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურება. თურქეთი ძლიერი და ამბიციური გუნდია, თუმცა გვაქვს იმის ამბიცია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. სექტემბრის თვე ყოველთვის რთულია, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
ნაკრების ტაქტიკაზე
ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორ ითამაშებენ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები კონკრეტულ მატჩებს. ვაცნობიერებთ იმას, რომ რთული ჯგუფია და რთული მისია გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ ვფიქრობ, ტაქტიკურად რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ახალწვეულებზე
ყოველთვის ვცდილობ, რომ ნარებში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოვახდინოთ. ლომინაძეს დიდი ხანია ვაკვირდებით და მთავარ ნაკრებში გამოძახების კანდიდატი იყო, თუმცა ტრავმების და სხვა ფაქტორების გამო, ეს პროცესი გადაიდო. აბუაშვილმა ახალი შესაძლებლობა მიიღო, მეცში ყველა ამხანაგური მატჩი კარგად ითამაშა, ლიონთან ლიგა 1-ის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და კარგ კონდიციებშია. არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ახლოს არიან ნაკრებში გამოძახებასთან, მაგალითად კვერნაძე. ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის, ვინც ამას იმსახურებს.
ჩაკვეტაძის არყოფნაზე
ჩაკვეტაძე აპრილის შემდეგ ტრავმირებულია. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ სიტუაციას ვერ შევცვლით და ამ მოცემულობას უნდა მოვეერგოთ. იმედია, მომდევნო სანაკრებო შეკრებისთვის უკვე ჩვენთან ერთად იქნება.
გიორგი მამარდაშვილზე
მამარდაშვილი და გუგეშაშვილი თავიანთ კლუბებში სათადარიგოთა სკამზე არიან. ამით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. მათ კლუბები შეიცვალეს და ეს თავიანთი გადაწყვეტილება იყო. იმედია, ახლო წარსულში ეს სიტუაცია გამოსწორდება და სათამაშო დრო ექნებათ, რადგან თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება.









