დასრულდა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს წილისყრა და ქართველი სპორტსმენების მეტოქეები გაირკვა.
-60 კგ.: გიორგი სარდალაშვილი
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი ოლიმპიადაზე წონის მეორე ნომრად არის განთესილი და შესაბამისად, C ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველ რაუნდში დაისვენებს.
მეორე წრეში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელ ვოლჩაკსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენ, კისოკას შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, გიორგი სარდალაშვილის მეტოქე 1/8 ფინალში თურქი ილდიზი იქნება.
-66 კგ.: ვაჟა მარგველაშვილი
გიორგი სარდალაშვილის მსგავსად, ვაჟა მარგველაშვილიც მეორე ნომრად არის განთესილი, პირდაპირ 1/16 ფინალიდან ჩაერთვება მედლისთვის ბრძოლაში და მისი მეტოქე ფრანგ ხიარს და ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ რაშნონეჯადს შორის გამარჯვებული იქნება.
1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში, საკმაოდ რთული ორთაბრძოლის გამართვა მოუწევს ქართველ ძიუდოისტს — ვაჟა მარგველშვილის მეტოქე გარსიას, ყირგიზბაევს, ან ბაულსა და ბაიანმუხს შორის უძლიერესი იქნება.
-73 კგ.: ლაშა შავდათუაშვილი
ოლიმპიადაზე 73 კგ. წონით კატეგორიაში მე-7 ნომრად არის განთესილი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მე-4 ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლას 1/32 ფინალიდან იწყებს და პირველ მეტოქედ ფრანგი გაბა ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ C ჯგუფში ასპარეზობს იაპონელი ჰაშიმოტო და 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში, ლაშა შავდათუაშვილს სწორედ მასთან მოუწევს ორთაბრძოლა.
-81 კგ.: ტატო გრიგალაშვილი
მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე მეორე ნომრად არის განთესილი და C ჯგუფიდან იწყებს ორთაბრძოლებს. მისი პირველი მეტოქე მოლდოველი ლატისევია, ხოლო შემდეგ ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ბორჩაშვილსა და ავღანელ ფაიზადას შორის უძლიერესს შეხდება.
81 კგ. წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე, რომელმაც 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ბადის მეორე მხარეს არის.
-90 კგ.: ლაშა ბექაური
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური წონის პირველი ნომერია და შესაბამისად, A ჯგუფში არის განთესილი. ქართველი ძიუდოისტის პირველი მეტოქე ბულგარელ ივანოვსა და ლიბანელ საგაიპოვს შორის გამარჯვებული იქნება.
A ჯგუფის ქვედა მხარეს იტალიელი პარლატი, ამერიკელი ჯეინი, სამხრეთ კორეელი ჰანი და ბურკინა ფასოელი კონე იქნებიან. ბადის მეორე მხარეს არის იაპონელი მურაო.
-100 კგ.: ილია სულამანიძე
საკმაოდ რთული ბადის გავლა მოუწევს ილია სულამანიძეს, რომელიც C ჯგუფში არის განთესილი და მისი პირველი მეტოქე ხორვატ კუმრიჩსა და იტალიელ პირელის შორის გამარჯვებული იქნება. ჯგუფის ქვედა ნაწილში კი ფარა და ვოლფი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული ფონსეკას შეხვდება.
D ჯგუფში იჭიდავებს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი და საწყის ეტაპზე მისი მეტოქე ვეგსა და კუკოლს შორის გამარჯვებული იქნება.
+100 კგ.: გურამ თუშიშვილი
მძიმე წონაში 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, გურამ თუშიშვილი D ჯგუფშია განთესილი, სადაც მასთან ერთად ლეგენდარული ტედი რინერი იასპარეზებს.
ქართველი და ფრანგი ძიუდოისტების გზები 1/4 ფინალში იკვეთება — თუშიშვილი პირველ ეტაპზე სენეგალელ ნდიაის და გუინეა-ბისაუელ მანეს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს, ხოლო რინერი არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაგომედომაროვსა და ალჟირელ ლილის შორის საუკეთესოს. თუ სენსაცია არ მოხდა, მძიმე წონის 1/4 ფინალში სუპერ დაპირისპირებას მივიღებთ — გურამ თუშიშვილი V ტედი რინერი.
-57 კგ.: ეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი პარიზის ოლიმპიადაზე წონის მე-6 ნომერი იქნება და შესაბამისად, D ჯგუფში იასპარეზებს. ქართველის პირველი მეტოქე დიდი ბრიტანელი ნაირნე იქნება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უზბეკ ამინოვას და კოტ დივუარელ დაბონეს შორის უძლიერესს შეხვდება.
-66 კგ.: ეთერ ასკილაშვილი
რეიტინგის განუთესავებს შორის მოხვდა ეთერ ასკილაშვილი და პირველივე ორთაბრძოლაზე მისი მეტოქე საკმაოდ ძლიერი, სლოვენიელი ლესკი იქნება. აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ძიუდოისტი ვენესუელელ ბარიოსსა და ალჟირელ ბელკადს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
+78 კგ.: სოფიო სომხიშვილი
ეთერ ასკილაშვილის მსგავსად, სოფიო სომხიშვილიც ოლიმპიადაზე განუთესავებს შორის არის და წილისყრის მიხედვით, A ჯგუფში იასპარეზებს — მისი პირველი მეტოქე კი გერმანელი ლუხტი იქნება, ხოლო წარმატების შემთხვევაში ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს, რომან დიკოს დაუპირისპირდება.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი სტარტს 27 ივლისს აიღებს და 3 აგვისტოს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
თუშიშვილი V რინერი — ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია









