ნიდერლანდური პრესის მტკიცებით, გურამ კაშია მოლაპარაკებებს აწარმოებდა არნემის ვიტესთან, თუმცა მისი დაბრუნება კლუბისთვის ფინანსურად შეუძლებელი გამოდგა. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი უკანახაზელი ხდება თავისუფალი აგენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ "არწივებში" გადასვლა მას უფასოდ შეეძლებოდა.
ამის გარდა, ბრატისლავის სლოვანის ცენტრალური მცველი მზად იყო გელრედომზე ეთამაშა უხელფასოდ, თუმცა მოლაპარაკებები გაართულა ერთმა კრიტერიუმმა: იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მე-4 ნომერი არის არაევროკავშირის ქვეყნიდან, ვიტესი ვალდებულია მას მაღალი სახელფასო კრიტერიუმით განსაზღვრული გასამრჯელო დაუწესოს.
არნემული კლუბის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით კი როგორც აღვნიშნეთ, ეს შეუძლებელია. ფინანსური კრიზისის გამო "არწივებს" თავის დროზე ჩამოაკლეს ქულები, რის გამოც ისინი დაქვეითდნენ ნიდერლანდების ქვედა ლიგაში, მოგვიანებით კი მათ პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის სტატუსიც შეუჩერეს.
გელრედომის ბინადრებმა გასული წლის სექტემბერში მოახერხეს ლიცენზიის დაბრუნება, თუმცა ფინანსური პრობლემები არსად გამქრალა. შეგახსენებთ, კაშია ვიტესში თამაშობდა 2010-2018 წლებში და ამ დროის მანძილზე მან 292 შეხვედრაში 24 ბურთი გაიტანა. 2015/16 წლების სეზონში ქართველი უკანახაზელი გახდა არნემელთა წლის მოთამაშე, მოგვიანებით კი მან ნიდერლანდების თასიც მოიგო.









