პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში მოჰამედ სალაჰმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად მანჩესტერ სიტისთან. მიმდინარე სეზონში მან უკვე მოასწრო 30 ბურთის გატანა და 21 ასისტის გაკეთება. ამის გარდა, ეგვიპტელმა ფორვარდმა ინგლისის ჩემპიონატის 11 მატჩში გააკეთა მინიმუმ 1+1, რაც ლეო მესის შემდეგ, ევროპის ტოპ 5 ლიგაში არავის გაუკეთებია.
არგენტინელმა შემტევმა ეს მიღწევა დააფიქსირა 2014/2015 წლების სეზონში, გავიდა 10 წელი და იგივე უკვე "წითლების" ლიდერმა გააკეთა. შეგახსენებთ, ბარსას ფლეიმეიქერმა იმ სეზონში 57 მატჩში შეაგდო 58 ბურთი და ტრებლიც მოიგო. იგივეს გამეორების შანსი აქვს მერსისაიდელთა მე-11 ნომერსაც, რომლის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 27 შეხვედრის შემდეგ, "სქაუზერები" უახლოეს მდევარს, ლონდონის არსენალს უსწრებენ 11 ქულით, ჩემპიონთა ლიგაზე კი "ფარაონის" გუნდი წარმატებით გადავიდა 1/8 ფინალში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს შეხვდება.











