"მარგალიტის" დამარცხების შემთხვევაში, კავკასიელი დააფიქსირებს ორ ისტორიულ შედეგს - მსუბუქ დივიზიონში ჩემპიონობების დაცვის რაოდენობა (3) და იმავე დივიზიონში მიყოლებით მოგებული ბრძოლების რაოდენობა (13). პირველ შემთხვევაში 32 წლის ჩემპიონზე წინ არიან ხაბიბ ნურმაგომედოვი, ბი ჯეი პენი და ბენსონ ჰენდერსონი.
პორიესთან გამარჯვებით, მახაჩევი მათ გაუთანაბრდება და მის ანგარიშზე ტიტულის სამჯერ დაცვა იქნება. მეორე შემთხვევაში კი, ამჟამად ზედიზედ 12 მოგებით დაღესტნელი თანაბრად არის თავის ლეგენდარულ თანამემამულესა და ტონი ფერგიუსონთან. მიყოლებით 13 მოპოვებული გამარჯვება ამ დივიზიონში ჯერ არავის ჰქონია.

რაც შეეხება დასტინს, 2019 წელს დროებითი ქამრის მოპოვების შემდეგ, ის დამარცხდა ორ სატიტულო ბრძოლაში - პირველად "არწივთან", მეორედ კი ჩარლზ ოლივეირასთან. ობიექტურად, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ამერიკელმა მე-3 სატიტულო ბრძოლაც წააგოს. ამ ყველაფერს კი რამდენიმე მიზეზი აქვს.
"მარგალიტს" კავკასიელის მსგავსი სრულყოფილი მოწინააღმდეგე ჯერ არ ჰყოლია. დიახ, მან გამოიარა ხაბიბი და "ბრონქსი", თუმცა ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი სხვა კატეგორიიდან არის. შეიძლება ითქვას, რომ 32 წლის მებრძოლი თავისი ლეგენდარული თანამემამულის გაუმჯობესებული ვერსიაა.
პორიეს ჰქონდა ძალიან მძიმე ბრძოლა ბენუა სენ დენისთან და ერთი წლის წინ, ის ჯასტინ გეიჯიმ ნოკაუტში გაუშვა. ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ამერიკელი ბოლო 3 წელია პერიოდულად საუბრობს კარიერის დასრულების შესახებ, რაც მოტივაციის ნაკლებობაზე მიუთითებს. ვნახოთ, რა ელის მას მახაჩევთან.
დაღესტნელი აღემატება თავის მოწინააღმდეგეს ჭიდაობასა და პარტერში, დიდი სხვაობა არც დგომშია. დასტინის ერთადერთი იმედი იქნება კრივი, თუმცა რამდენად მიიყვანს ისლამი საქმეს ამ მომენტამდე, რთული სათქმელია. ერთი სიტყვით, მოქმედი ჩემპიონი ფავორიტის სტატუსით გამოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ტიტულის მესამედ დაცვის შემთხვევაში, კავკასიელი ქვესაშუალო დივიზიონში ავა.












