აღნიშნული ღონისძიების მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო კონორ მაკგრეგორის დაბრუნება სამწლიანი პაუზის შემდეგ, თუმცა მისი ბრძოლა ჩაიშალა. ყოფილ ირლანდიელ ჩემპიონს მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბი უწევდა, მაგრამ მათი დაპირისპირება აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გადაიდო. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დუელი საერთოდ აღარ შედგება.
მეტიც, შესაძლოა "ნოტორიუსი" ოქტაგონზე ვეღარც ვიხილოთ, რადგან ის უფრო ახლოს არის კარიერის დასრულებასთან, ვიდრე ამერიკელთან ბრძოლასთან. აშკარაა, რომ 35 წლის ყოფილ ჩემპიონს სხვა გეგმები და ინტერესი აქვს, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილი პრესკონფერენციაც კი არ ჩაატარა.
ერთი სიტყვით, მაკგრეგორს ვერ ვიხილავთ, თუმცა 303-ე ღონისძიების აფიშა ისედაც შთამბეჭდავია. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ მოახლოებული ივენთისგან.

ალექს პერეირა - ირჟი პროჰასკა
ირლანდიელისა და "რკინის" ბრძოლის ჩაშლის შემდეგ, დანა უაიტმა მოუხმო პერეირასა და პროჰასკას, რომელთა პირველმა დაპირისპირებამაც კითხვები დატოვა. შეგახსენებთ, რომ ისინი ქვემძიმე ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოდნენ და ყველაფერი ბრაზილიელის სასარგებლოდ დატრიალებულმა ტექნიკურმა ნოკაუტმა გადაწყვიტა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, MMA-ს საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთი მხარე იხრებოდა იმისკენ, რომ მსაჯმა დაპირისპირება ნაადრევად დაასრულა და ჩეხს ჯერ კიდევ შეეძლო ალექსისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მეორე მხარე კი ფიქრობდა, რომ ყველაფერი დროულად და კანონზომიერად დასრულდა, ირჟი უშანსოდ რჩებოდა.
30 ივნისის ღამეს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. შეგახსენებთ, "სამურაის" დამარცხების შემდეგ, "პოატანმა" ჩემპიონის ტიტული ჯამალ ჰილთან დაიცვა. ყოფილმა ჩემპიონმა კი ალექსანდარ რაკიჩთან მოგება მოასწრო. ვნახოთ, ამჯერად რა სცენარით წარიმართება 36 წლის მებრძოლისა და პროჰასკას რიგით მეორე ჩხუბი.

რომან დოლიძე - ენტონი სმიტი
დოლიძის მოწინააღმდეგე თავდაპირველად ენტონი ერნანდესი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ტრავმის გამო ღონისძიებას ჩაეხსნა. შემდეგ იყო საუბრები მიშელ პერეირაზე, მაგრამ საბოლოოდ, მას სმიტი შეხვდა. საინტერესოა, რომ ეს დაპირისპირება გაიმართება ქვემძიმე კატეგორიაში, დივიზიონში, რომელშიც ქართველი უკვე 3 წელია, რაც არ ასპარეზობს.
დიახ, რომანი თავდაპირველად გამოდიოდა სწორედ ქვემძიმეში, თუმცა დროთა განმავლობაში მან საშუალო წონით დივიზიონშიც ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი. ამერიკელი კი უკვე 6 წელია, რაც ამ დივიზიონშია და შეიძლება ითქვას, რომ კავკასიელს ასეთი გამოცდილი მეტოქე პრომოუშენში ჯერ არ ჰყოლია.
ენტონის ანგარიშზეა 57 ბრძოლა - 38 გამარჯვება და 19 მარცხი. სხვადასხვა დროს მას დაუმარცხებია ალექსანდერ გუსტაფსონი, მაურისიო რუა, რაშად ევანსი და სხვები. დავუბრუნდეთ დოლიძეს, რომელმაც ბოლო ორი ჩხუბი დაასრულა წაგებით და ცხადია, ახლა მას ქომაგების თვალში ერთგვარი რეაბილიტაცია სჭირდება.










