ახალგაზრდა ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე სერია ა-ს და ევროპის გაოცებას განაგრძობს და ემპოლიში წარმატებულ მატჩებს ატარებს. მარცხის მიხუედავად, ის ნაპოლისთან მატჩშიც დამაჯერებელი იყო.
გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია და ემპოლიში 2024 წლის ზამთარში გადავიდა. ამ ტრანსფერში მისი შუამავალი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე იყო.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, გოგლიჩიძეს ემპოლის გარდა შემოთავაზება იუვენტუსიდანაც ჰქონდა. მეტიც, მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ფაქტობრივად, შეთანხმებაც მიღწეული იყო.
"ბებერი ქალბატონი" გოგლიჩიძეს ძირითად გუნდში ვარჯიშს ჰპირდებოდა, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი შანსის მიცემას და თამაშს, თან იუვენტუსიც 5-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, რომელსაც გოგლიჩიძე მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე იდეალურად ერგება. კონტრაქტის პირობებიც სარფიანი იყო.
გოგლიჩიძეს არჩევანი იუვენტუსსა და ემპოლის შორის უნდა გაკეთებინა, მაგრამ კარიერის საწყის ეტაპზე, გრანდში გადასვლას, სერია ა-ს საშუალო დონის გუნდში გადასვლა არჩია იმის გამო, რომ თავის გამოჩენის და თამაშის საშუალება ემპოლიში უფრო ექნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას ემპოლიში თავიდან არ ათამაშებდნენ, როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დღესდღეობით, ემპოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.
უცნობი ისტორია გოგლიჩიძის ტრანსფერზე: რატომ არ გადავიდა ქართველი მცველი იუვენტუსში?










