რომაში დანიელე დე როსის, მთავარი მწვრთნელის რანგში, დაბრუნების შემდეგ, ეს გუნდი ოჯახივით ერთსულოვანი გახდა. გაიხსენეთ, თუ როგორ უხარია მას "ჯალორისის" ფეხბურთელების კარგი თამაში. პაულო დიბალა ბავშვივით ბედნიერია და გოლის აღნიშნვისას სიხარულის გასაზიარებლად, პირველ რიგში, სწორედ იტალიელ სპეციალისთან მირბის.
"მგლების" ამჟამინდელი მწვრთნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ დამრიგებელი, ის არის ადამიანი, რომელიც თავის შეგირდებს შთააგონებს. მსგავსი სულისკვეთება ტრიალებს ლივერპულშიც, სადაც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ემოციური თვალსაზრისით ასევე მწვრთნელია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავავლოთ პარალელი იურგენ კლოპსა და მის 40 წლის კოლეგას შორის.
გერმანელი მწვრთნელისგან, ისევე როგორც დე როსისგან, საოცარი ენერგეტიკა მოდის. დააკვირდით მათ ქცევებს გოლის გატანის ან თუნდაც, უკმაყოფილების გამოხატვის მომენტში, დაინახავთ პირდაპირ გულის სიღრმიდან წამოსულ ემოციებს. სწორედ ამიტომ უჩნდებათ მოთამაშეებს მერსისაიდელთა დამრიგებლისა და მისი იტალიელი კოლეგის მიმართ მიჯაჭვულობა.

ბევრისთვის, 56 წლის მწვრთნელისა და დანიელეს ემოციურობა ასოცირდება სიგიჟესთან, არაორდინალურობასთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი, პირველ რიგში, ადამიანები არიან, გულახდილობა კი სიგიჟე არ არის. პარალელების გავლებას რომ დავუბრუნდეთ, ერთმანეთის მსგავსი იყო კლოპისა და დედაქალაქელების დამრიგებლის პრეზენტაციაც კი.
გერმანელმა მწვრთნელმა "წითლებში" გადმოსვლის პირველ დღეს განაცხადა:
"მე ვარ უბრალო ადამიანი შვარცვალდიდან. ჩემს სახეზე ღიმილია, რადგან დედაჩემი ბედნიერია იმ ფაქტით, რომ ლივერპულმა დამიძახა".
ეს კი 40 წლის დამრიგებლის კომენტარი:
"ვიღიმი, რადგან ჩემთვის საოცნებო ადგილას დავბრუნდი. ამ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი".
თანამედროვე ფეხბურთს არ აკლია პრაგმატული ხედვა - ბიელსა, გვარდიოლა, მოურინიო, კონტე, ისინი ჩაციკლულები არიან ტაქტიკაზე და იდეოლოგიაზე, მაგრამ იურგენი და ოლიმპიკოზე მომუშავე დამრიგებელი, სხვა ხედვისა და იდეოლოგიის არიან. ისინი დგამენ შოუს და ცხადია, ამ საკითხში უფრო გამოცდილი ჯერჯერობით მერსისაიდელთა მწვრთნელია.

შოუმენობა არ ნიშნავს იმას, რომ დე როსი გულშემატკივრების წინაშე თამაშობს. პირიქით, ის თავის რეალურ სახეს ავლენს. თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, მას არ აქვს მეტსახელი "განსაკუთრებული" და უნდა ითქვას, რომ მოურინიო არტისტიზმში არავის ჩამოუვარდება, უბრალოდ მან ვერ შეძლო რომას ფანების აყოლიება ისე, როგორც ეს იტალიელმა დამრიგებელმა მოახერხა.
დანიელეს საკმარისი ქარიზმა აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ავტორიტეტი "ჯალორისიში" ძალიან დიდია. მან მარტივად გამონახა საერთო ენა "მგლების" მოთამაშეებთან, ზუსტად ისე, როგორც 56 წლის დამრიგებელმა "წითლებში". გავიხსენოთ, თუნდაც დაკარგული და მორიდებული მო სალაჰი, რომელიც კლოპის ხელში ნამდვილ "ფარაონად" იქცა.
დედაქალაქელთა მწვრთნელი იმავეს გაკეთებას ცდილობს თავის შეგირდებთან. ზემოთ ხსენებული დიბალა ცეცხლით სავსე თვალებით თამაშობს, ანალოგიურად - ლორენცო პელეგრინი, ჯანლუკა მანჩინი და რომას სხვა მოთამაშეები. ფაქტია, 40 წლის დამრიგებელი თავის გუნდში რაღაც განსაკუთრებულს ქმნის, დაახლოებით ისეთს, რაც კლოპმა ენფილდზე შექმნა.

Giancarlo Dotto © RCS MEDIAGROUP











