არნე სლოტი - მწვრთნელი, რომელიც ლივერპულში იურგენ კლოპს შეცვლის. მის სახელს უკავშირებდნენ მიუნხენის ბაიერნსა და ბარსელონას, მერსისაიდულ გუნდში კი თითქოს რუბენ ამორიმი უნდა მისულიყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანელი ტაქტიკოსის საქმეს "წითლებში" ნიდერლანდელი დამრიგებელი გააგრძელებს.
როტერდამის ფეინოორდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თითქოს გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან, მას დაუძახებდნენ ენფილდზე, რადგან იქამდე სხვადასხვა დროს მან პრემიერ ლიგის 3 კლუბს უარი უთხრა. 45 წლის დამრიგებელმა არ მოისურვა ლიდსში, ჩელსისა და ტოტენჰემში გადასვლა. მას ყველაზე მეტად კლოპის საქმის გაგრძელების იდეა ხიბლავდა.

სლოტმა ლივერპულის ყურადღება ორი მიზეზის გამო მიიქცია. პირველი - მაქსიმალური შედეგის დადება შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით. წარმოიდგინეთ, წლევანდელი ქაოსური ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდელი დამრიგებლის მოსვლამდე, ასეთ დღეში იყო ფეინოორდიც, რომელიც მან ერედივიზიის ჩემპიონ გუნდად აქცია.
ამასთან ერთად, არნემ როტერდამელები კონფერენს ლიგის ფინალსა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. ცნობისთვის, ორივე შემთხვევაში მისმა გუნდმა ჟოზე მოურინიოს რომასთან წააგო. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს "თეთრ-წითლების" დამრიგებლის ყველაზე უხერხულ მეტოქესთან. საინტერესოა, გადაიკვეთება თუ არა კიდევ ოდესმე პორტუგალიელი ტაქტიკოსისა და 45 წლის სპეციალისტის გზები.

დავუბრუნდეთ სამხრეთელების ტრანსფორმაციას, რომლებმაც სლოტთან ერთად 21-ე საუკუნეში თავიანთი რიგით მეორე ჩემპიონობა გაიფორმეს. მან ეს ყველაფერი მინიმალური ხარჯებით გააკეთა. მერსისაიდელების ყურადღების მე-2 მიზეზი: ნიდერლანდელი დამრიგებელის მიდგომებია, ის ქადაგებს თანამედროვე, სწრაფ და შემტევ ფეხბურთს.
არნეს ტაქტიკაში იკითხება ხოსეპ გვარდიოლას გავლენა, მედია სივრცეში კი მას მიკელ არტეტასა და რობერტო დე ძერბის ადარებენ. თავად მწვრთნელი თავის ინსპირაციის წყაროდ სწორედ კატალონიელ ტაქტიკოსს ასახელებს. დე კუიპის ბინადართა დამრიგებელი ემხრობა 4-2-3-1-ს - ფორმაციას, რომელშიც დიდი ყურადღება სწორედ შეტევას ექცევა.

45 წლის მწვრთნელის მუშაობის კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი - ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება. სანტიაგო ხიმენესი, დავიდ ჰანკო, ლუტშარელ გერტრეიდა: სლოტის გუნდის ლიდერები, რომლებსაც ზაფხულში ბევრი მსურველი ეყოლებათ. არაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი ნიდერლანდელ დამრიგებელს "წითლებშიც" გაყვეს.
არნეს ასევე დიდი როლი მიუძღვის ტიჯანი რეინდერსის, ტიონ კოპმაინერსისა და ალბერტ გუდმუნდსონის განვითარებაში. ის სამივე მათგანთან მუშაობდა ალკმაარში, დღეს კი ეს ტრიო საკმაოდ წარმატებულად არის კალჩოში ინტეგრირებული. დიახ, ფეინოორდის დამრიგებელს არ აქვს მეგავარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება და პირველ ნაბიჯებს ის ენფილდზე გადადგამს.

რაც შეეხება 45 წლის მწვრთნელის რეზიუმეს - მას ჰქონდა საფეხბურთო კარიერა, თუმცა კლოპის მსგავსად, სერიოზულ წარმატებამდე მისვლა ვერ მოხერხდა. სლოტმა სამწვრთნელო კარიერა 37 წლის ასაკში დაიწყო და ჩაიბარა კამბური, შემდეგ კი ალკმაარში დაწინაურდა. უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდელმა დამრიგებელმა პირველად სწორედ "ფერმერებში" მიიქცია ყურადღება.
"წითლები" თამაშობდნენ თანამედროვე შემტევ ფეხბურთს და არაფრით ჩამოუვარდებოდნენ აიაქსს, რომელიც იმ დროს ევროპის მასშტაბითაც კი მრისხანედ გამოიყურებოდა. ერედივიზიის 2019/20 წლების სეზონი პანდემიის გამო არ დასრულებულა და ჩემპიონატის შეჩერების მომენტში ზაანელები ამსტერდამელებთან ერთად პირველ ადგილს იყოფდნენ.
არნეს შემდეგი გაჩერება როტერდამი გამოდგა, სადაც ის ერედივიზიონის ჩემპიონი, ქვეყნის თასის გამარჯვებული და კონფერენს ლიგის ფინალისტი გახდა. "თეთრ-წითლების" დამრიგებელმა 2-ჯერ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოც მიიღო. მის კარიერაში დგება ახალი გამოწვევების ჯერი და ვნახოთ, რამდენად გაართმევს თავს 45 წლის სპეციალისტი კლოპის საქმის გაგრძელების საკითხს.












