როგორც ვალენსიასთვის, ისე გიორგისთვისაც, მატჩი კარგად დასრულდა - ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი, რომელიც ბუდიმირმა შეასრულა, 23 წლის ქართველმა მოიგერია და საკუთარ გუნდს თამაში მოაგებინა. ლა ლიგაში მამარდაშვილმა კარი მშრალად ზედიზედ მეხუთედ შეინახა, ზოგადად კი ამ სეზონში მე-12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც გოლი არ გაუშვია.
"ღამურები" 31 ტურის შემდეგ 47 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.

რაც შეეხება მოახლეობულ სატრანსფერო ფანჯარას, ვალენსიამ ქართველ კარის დარაჯს ფასი დაადო. მინიმუმ, €35 მილიონი, ეს ის თანხაა, რომლის სანაცვლოდაც ესპანური გუნდი ქართველ ფეხბურთელს შეელევა. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს დღევანდელი ფასია, წინ კი ევრო 2024 გველოდება, სადაც მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზებს და დიდი შანსია, ტურნირის დასრულების შემდეგ, გიორგის სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ქართველი მეკარის მიმართ ინტერესს ბაიერნი წინა ზაფხულს იჩენდა. მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, თუმცა მიუნხენურმა კლუბმა ბოლო მომენტში €25 მილიონის გადახდაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, ტრანსფერიც ჩაიშალა. ინტერესია ინგლისური კლუბებისგანაც, თუმცა ამ დროისთვის, ვალენსიას არც ერთი კლუბისგან არ მიუღია შეთავაზება.













