2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ცნობილია ყველა ნაკრები, რომლებმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.
გალვენიანი გამოცემა Goal.com მომავალ მუნდიალს გამოეხმაურა და გამოავლინა მთავარი ვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების და პარი სენ ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია.
"საქართველო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო, ხვიჩა კვარაცხელია კი თავისი თავბრუდამხვევი დრიბლინგითა და დაუღალავი შრომით მერვედფინალამდე მიღწეული გზის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. პარი სენ ჟერმენის ქართველი გარემარბი მომავალ ზაფხულს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავის გამოჩენას ვერ შეძლებს."
"კვარაცხელიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ბულგარეთთან 3-0 მოგებულ შეხვედრაში, თუმცა, საქართველომ დარჩენილი ხუთი მატჩიდან ოთხი წააგო და E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. თურქეთთან სტუმრად განცდილი მძიმე მარცხი (4-1) ყველაზე დაბალი წერტილი აღმოჩნდა. მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს, რათა თავდაჯერებულობა დააბრუნოს გუნდში, რომელშიც უბრალოდ არ მოიძებნება სხვა მოთამაშე, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" — წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, აშშ და მექსიკა უმასპინძლებს. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს და გამარჯვებული 19 ივლისს გამოვლინდება. მუნდიალების ისტორიაში წელს პირველად ტურნირზე 48 ნაკრები იასპარეზებს.









