მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტად კარლო ანჩელოტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი ამჟამად ხელმძღვანელობს სწორედ "სამეფო კლუბს", რომელსაც მან ჩემპიონთა ლიგა ორჯერ უკვე მოაგებინა. იტალიელის "ბლანკოსი" წელსაც ფავორიტებს შორის არის.
"ანჩელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, რადგან მან წარმატებას მიაღწია ყველგან, სადაც კი უმუშავია. გაიხსენეთ კარლოს მიერ განვლილი გზა და თავადაც მიხვდებით ყველაფერს. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? იტალიელს არ აქვს ერთი კონკრეტული სისტემა, ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული.
ის იდეალურად ერგება ნებისმიერ გარემოს, ვარსკვლავებთან სწორად მუშაობა კი მისი ყველაზე ძლიერი მხარეა. რეალის სპეციალისტი ნებისმიერი მოთამაშისგან წურავს 100%-ს, მისი გუნდის გასახდელში ყოველთვის ჯანსაღი ატმოსფეროა - ეს უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მეტი ვარსკვლავი გყავს, მით უფრო რთულია სიტუაციის დალაგება.
64-წლის დამრიგებლის განკარგულებაში ყოველთვის ბევრი ტოპ-კლასის ფეხბურთელია, თუმცა ეს ფაქტი პრობლემური მისთვის არასდროს ყოფილა. ანჩელოტის ხელში თითოეულ მოთამაშეს სურს იყოს საუკეთესო და არა ერთ-ერთი საუკეთესო", - განაცხადა იტალიელმა ექს-მწვრთნელმა თანამემამულის შესახებ.









