La Gazzetta dello Sport Georgia იტალიაში იმყოფება და ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ადგილიდან მოგაწვდით.
ძლიერ მეტოქესთან მატჩამდე, ბორჯღალოსნებმა დღეს, შეხვედრის მასპინძელ, ლუიჯი ფერარისის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა, ბორჯღალოსანთა ახალმა კაპიტანმა, ვასილ ლობჟანიძემ და ჩვენი გუნდის მორაგბეებმა, თედო აბჟანდაძემ და ილია სპანდერაშვილმა ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრეს:
რიჩარდ ქოქრილი: “მთელი კვირაა ამ თამაშისთვის ვემზადებით, კარგი სავარჯიშო კვირა გვქონდა. იტალია ძლიერი გუნდია, მშვენივრად ჩაატარეს ექვსი ერი. მათ რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, წინა კვირაში საკუთარი თამაშით იმედგაცრუებულები არიან. ორივე გუნდს ძალიან გვჭირდება კარგი თამაში."

ვასილ ლობჟანიძე: "საქართველოსთვის წელს იტალიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ რევასშის აღება სურთ, რადგან ბოლო მატჩი ბათუმში მოვუგეთ. ჩვენი მეტოქე შეეცდება სარაგბო სამყაროს დაანახოს, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია, ეცდებიან სამაგალითოდ მოგვიგონ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება.
რაც შეეხება ბორჯღალოსანთა კაპიტნობას, ეს მეორე თამაში იქნება სადაც კაპიტნის რანგში გავალ, ახალ ზელანდია XV-თან ოფიციალური შეხვედრა არ იყო და იტალიასთან მატჩი ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა."
თედო აბჟანდაძე: "მოსამზადებელმა პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. რა თქმა უნდა, იტალია ძლიერი გუნდია და რთული თამაში იქნება თუმცა, მზად ვართ გამოწვევისთვის და ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ."

ილია სპანდერაშვილი: "მაშინ როცა იტალიამ ჩვენთან წააგო, მეორე დღიდანვე დაიწყეს ფიქრი, რომ ჩვენთვის მოეგოთ. ჩვენ გავალთ ხვალ მოედანზე, ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია."
დღეს კაპიტნის ვარჯიში გამართა მასპინძელმა იტალიამაც,. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბორჯღალოსნების შესახებ, იტალიის ნაკრების კაპიტანმა, მიკელ ლამარომ ისაუბრა:
„ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ზაფხულში სტუმრად ბევრი მატჩის ჩატარების შემდეგ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვბრუნდებით, რაც დიდ ენერგიას მოგვცემს. მომავალ მატჩებში მაქსიმუმს ჩავდებთ და გვსურს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ხვალ საქართველოსთან გამარჯვება საფუძველი იქნება შემდეგი გამარჯვებების, ამიტომ ეს თამაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საქართველოსა და იტალიის ბოლო მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და ახლა გვსურს ხვალ კარგი პასუხი გავცეთ. საქართველოს ნაკრებს სივრცეები უნდა შევუზღუდოთ, დავით ნინიაშვილს არ უნდა მივცეთ თავისუფლად ბურთის წამოღების შესაძლებლობა.“
იტალიისა და საქართველოს სარაგბო მატჩი 17 ნოემბერს, ლუიჯი ფერარისის სტადიონზე თბილისის დროით, 17:40 საათზე დაიწყება.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირი











