დღეს ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლეს. საქართველოს ნაკრებმა 42-30 გაიმარჯვა და ნახევარფინალში ითამაშებს.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრს, ვასილ ლობჟანიძეს ცენტურიონის მუზარადი გადაეცა. ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ცენტურიონი გახდა.
100 კემპი ქართველმა შვეიცარიასთან მატჩში დააგროვა.
შეგახსენებთ, ვასილ ლობჟანიძემ 18 წლისამ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, რითაც გინესის რეკორდსმენი გახდა - ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიო ჩემპიონატზე.
ვასილ ლობჟანიძემ ესპანეთთან მატჩისა და ცენტურიონის სტატუსის შესახებ, LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა:
“ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ, ცენტურიონის სტატუსი ასმაგად სასიხარულოა. ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში და დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ნაკრებს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ესპანეთმა ძალიან კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია, სიმართლე რომ ვთქვათ, არ ველოდით, მაგრამ არ უნდა დავუკარგოთ შრომა, რაც დღეს გაწიეს, ბოლომდე ითამაშეს უნდოდათ, რომ ნახევარფინალი სახლში ჩაეტარებინათ, ახლოსაც იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო მომენტამდე ჩვენ შევეცადეთ ჩვენი თამაში გვეპოვნა და ბოლოს მაინც გარდავტეხეთ ანგარიში.
ნახევარფინალს საქართველოში ჩავატარებთ, სახლში თამაში მნიშვნელოვანია და ფინალის საგზურის მოპოვებაში დაგვეხმარება."
29 წლის ვასილ ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების მე-8 ცენტურიონი გახდა, ლობჟანიძე მსოფლიოში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ცენტურიონია, პირველ ადგილზე ავსტრალიელი მაიკლ ჰუპერია (28 წლის და 349 დღის).
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









