პოლ პოგბა საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ დოპინგ ტესტის ჩაგდების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონ ნახევარმცველს მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია, რაც ნიშნავდა იმას, რომ ფრანგი გამთამაშებელი ფეხბურთს მარტამდე ვერ ითამაშებდა. ამის შემდეგ, მის კარიერაში მოხდა კიდევ ერთი სამწუხარო მომენტი: ტურინის იუვენტუსმა თავის ვარსკვლავურ შუახაზელთან კონტრაქტი გაწყვიტა.
"ბებერი ქალბატონის" ყოფილ ათიანს არ სურდა საყვარელი გუნდის დატოვება და მას იმედი აქვს, რომ მომავალში, კარიერის დასრულებამდე ის კიდევ ერთხელ შეძლეს კალჩოში თამაშს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა 31 წლის გამთამაშებელი, მაგრამ როგორც ცნობილია, ევროპის დატოვებას ის არ აპირებს.
პოგბა ამჟამად იმყოფება მაიამიში, სადაც ფორმის აღდგენას ცდილობს. ცოტა ხნის წინ, მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის ლეგენდარული ზინედინ ზიდანის "ბიანკონერის" 21-ნომრიანი მაისურით ვარჯიშობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ როგორი ძვირფასია ფრანგი გამთამაშებლისთვის იუვე.












