ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის რიგით მე-6 გრან პრის აშშ-მ, კერძოდ მაიამის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა და სანახაობრივი გამოდგა.
მაიამის გრან პრიზე რბოლასთან ერთად სპრინტიც ჩატარდა და ორივე მაკლარენის პილოტების გამარჯვებით დასრულდა — სპრინტი ლანდო ნორისმა მოიგო, ხოლო რბოლა ოსკარ პიასტრიმ.
კიმი ანტონელის პოული სპრინტის კვალიფიკაციაზე
სპრინტის კვალიფიკაციაზე უსწრაფესი წრე მერსედესის ახალგაზრდა პილოტმა, კიმი ანტონელიმ აჩვენა და მოულოდნელად, პოულ პოზიციის მფლობელი გახდა.
18 წლის იტალიელმა მრბოლელმა სპრინტის კვალიფიკაციაზე უსწრაფესი წრე1:26.482 წუთში გაიარა და მეორე ადგილზე გასულ ოსკარ პიასტრის 0.055 წამით აჯობა.
*კიმი ანტონელი, მაიამის სპრინტის კვალიფიკაცია
უშუალოდ სპრინტი წვიმის გამო სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ ლანდო ნორისი გამარჯვებით დასრულდა, ხოლო კიმი ანტონელიმ პიტ სტოპზე მომხდარი ინციდენტის გამო მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა.
მაქს ვერსტაპენის საოცარი წრე და პოულ პოზიცია
სპრინტის შემდეგ, ტრადიციულად კვალიფიკაცია დაიწყო და მრბოლელებმა რბოლის სტარტისთვის ადგილები გაინაწილეს. კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკლარენის ბოლიდები რედ ბულთან შედარებით უფრო სწრაფები იყვნენ, 27 წლის ნიდერლანდელმა საოცარი წრე გაიარა, 1:26.204 წუთი დააფიქსირა, ლანდო ნორისს 0,065 წამით აჯობა და კარიერაში 43-ე პოული მოიპოვა.
მაკლარენის დომინაცია და დუბლი რბოლაზე
მაიამის გრან პრის რბოლაზე მაკლარენმა საოცარი ტემპი აჩვენა, დუბლი გაიფორმა და უშუალო კონკურენტს 37 წამით აჯობა — რბოლის გამარჯვებული ოსკარ პიასტრი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე მე-4 გრან პრი მოიგო. მეორე ადგილზე კი მისი ბრიტანელი თანაგუნდელი, ლანდო ნორისი გავიდა.
*მაკლარენი, მაიამის გრან პრი
რბოლის სტარტი საკმაოდ დრამატული გამოდგა და პირველივე მოსახვევებში არაერთი ბრძოლა ვიხილეთ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ვერსტაპენის და ნორისის დუელი, რის შედეგადაც ნიდერლანდელმა პოზიციები შეინარჩუნა, ხოლო ბრიტანელმა დაკარგა და მისი ადგილი თანაგუნდელმა, ოსკარ პიასტრიმ დაიკავა.
რამდენიმე წრის განმავლობაში გაგრძელდა ოსკარ პიასტრის და მაქს ვერსტაპენის ბრძოლა პირველობისთვის. საბოლოოდ, ავსტრალიელმა მოახერხა გადასწრების შესრულება და ბოლომდე შეინარჩუნა პირველი ადგილი. მაქს ვერსტაპენი კი საბოლოო პოდიუმს მიღმა აღმოჩნდა და მე-4 პოზიციას დასჯერდა.
სატურნირო ცხრილი 6 რბოლის შემდეგ
მაიამის გრან პრის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია გაიმყარა ოსკარ პიასტრიმ — ავსტრალიელ პილოტს 131 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ლანდო ნორისს 16 ქულით უსწრებს. მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი კი 99 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.
კონსტრუქტორთა ცხრილში დიდი უპირატესობით ლიდერობს მაკლარენი. ბრიტანული გუნდის ანგარიშზე უკვე 246 ქულაა, მერსედესი 141 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო რედ ბული 105 ქულით მესამეა. ფერარიმ 6 რბოლაში მხოლოდ 94 ქულით მოგროვება მოახერხა და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
მაიამის გრან პრის შემდეგ, 2 კვირიანი შესვენება გამოცხადდება და ფორმულა 1 ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებს. 18 მაისს, იმოლას ავტოდრომზე ემილია რომანას გრან პრი ჩატარდება.









