როგორც მოგეხსენებათ, აფრიკის ერთა თასის დრამატულ ფინალში ბრაჰიმ დიასმა ედუარდ მენდის წინააღმდეგ გადაწყვიტა პენალტის შესრულება პანენკას სტილში, მაგრამ ვეტერანი გოლკიპერი მიხვდა მოწინააღმდეგის ჩანაფიქრს და მისი დარტყმული ძალიან მარტივად მოიგერია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენალტის პანენკით გატანის მცდელობა სენეგალელი მეკარის წინააღმდეგ წარუმატებლად სრულდება. ის, რაც მაროკოელმა ფლეიმეიქერმა გამოსცადა აფრიკის თასის ფინალში, სერხიო აგუერომ გამოიარა 5 წლის წინ, ჩელსისა და მანჩესტერ სიტის შეხვედრაში.
2020/2021 წლების სეზონი, პრემიერ ლიგის 35-ე ტური - ლონდონური გუნდი ამარცხებს "ქალაქელებს" და ნაადრევ ჩემპიონობაში მათ ხელს უშლის. შეხვედრის გმირად მოგვევლინა "არისტოკრატების" იმდროინდელი გოლკიპერი, რომლის წინააღმდეგ არგენტინელი ფორვარდის მიერ შესრულებული პანენკა უძლური გამოდგა.
ხუთი წლის შემდეგ, სენეგალის ნაკრების მე-16 ნომერმა იგივე გააკეთა უკვე აფრიკის ერთა თასის ფინალში, რითაც თავისი ეროვნული გუნდის ჩემპიონობაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ "ტერანგა" კონტინენტის ტრიუმფატორი თავის ისტორიაში მეორედ გახდა.

![[VIDEO] აგუეროდან - ბრაჰიმამდე | პანენკა, როგორც მთავარი გასართობი მენდისთვის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FEZeArNiF2qbLeO7F9vKrg3F8msHpyUhZ.webp&w=3840&q=75)







