კრიშტიანუ რონალდუს ჰკითხეს, იმსახურებს, თუ არა ლამინ იამალი ოქროს ბურთს, რაზეც ლეგენდარულმა თავდამსხმელმა უარყოფითი პასუხი გასცა. პორტუგალიელი ფორვარდის აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაგებად ესპანელ ვინგერს ჩემპიონთა ლიგის ტიტული აკლია.
ალ-ნასრის კაპიტნის სიტყვებს ირონიულად გამოეხმაურა ფრანკ რიბერი, რომელმაც 2013 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიხსენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგი ექს-ვინგერი აფიქსირებს პროტესტს 12 წლის წინ მომხდარი მოვლენების გამო. შეგახსენებთ, იმ წელს საუკეთესოს წოდება მადრიდის რეალის ყოფილმა მე-7 ნომერმა მოიგო.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "სამეფო კლუბი" იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არ გამხდარა. ტიტული მოიპოვა მიუნხენის ბაიერნმა და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ექს-ვინგერის აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ მას უნდა მოეგო.
"რეკორდმაისტერის" ყოფილი შვიდიანი უმალვე მოექცა 40 წლის თავდამსხმელის ფანების კრიტიკის ქარ-ცეცხლში და ბევრმა მათგანმა არგუმენტად მისი სტატისტიკა მოიყვანა. როგორც გვახსოვს, იუპ ჰაინკესის გუნდისთვის ტრიუმფალურ სეზონში "ნაიარევმა სახემ" ევროთასებზე მხოლოდ 1 ბურთი შეაგდო.
საინტერესოა ისიც, რომ 42 წლის ყოფილმა გარემარბმა ის ერთი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე, ბორისოვის ბატესთან. რაც შეეხება რონალდუს, იმ სეზონში მან შეაგდო 55 ბურთი 55 შეხვედრაში და აქედან 12 გოლი მან მთავარ საკლუბო ტურნირზე გაიტანა. ტურნირის საუკეთესო გოლეადორიც პორტუგალიელი ფორვარდი გახდა.
ბოლოს კი კრიშტიანუსა და რიბერის დაპირისპირების ყველაზე ეპიკური მომენტი - წუხელ ვეტერანი თავდამსხმელი გახდა ერთა ლიგის ტრიუმფატორი, ისე რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ფინალში გოლიც შეაგდო. ფრანგი ექს-ვინგერი ამ ყველაფერს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.

![[VIDEO] რიბერის გამანადგურებელი მარცხი რონალდუსთან კონფლიქტში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FERkd59SHJoTGm3zrcMH32QpbVCiqokGz.webp&w=3840&q=75)







