სიმონე ინძაგი მილანის ინტერის მწვრთნელის რანგში თავისი მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. ის სრულიად დამსახურებულად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსად, რომელმაც ფინანსურ კრიზისში მყოფი "ნერაძური" ევროპაში მრისხანე ძალად აქცია.
იტალიელი მწვრთნელის გარშემო ყველაფერი გასაგებია, თუმცა როგორი იყო მისი საფეხბურთო კარიერა? ის მუდმივად იმყოფებოდა თანამემამულე ფორვარდების ჩრდილში, მათ შორის თავისი ძმის, ფილიპოსი. ამის მიუხედავად, თავისი კვალი ევროპულ ფეხბურთში რომის ლაციოს ექს-ფორვარდმა მაინც დატოვა.
"არწივების" ყოფილმა 21-ე ნომერმა 1999/2000 წლების სეზონში 40 მატჩში გაიტანა 19 გოლი, მათ შორის 9 - ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ რიგში გამოსარჩევია სვენ-გორან ერიქსონის გუნდის დაპირისპირება მარსელის ოლიმპიკთან, რომელშიც ინძაგიმ მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. ოლიმპიკოს ბინადრებმა ის თამაში 5:1 მოიგეს.
სიმონე დღემდე არის ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეასრულა პოკერი - მიღწევა, რომელიც ვერც მისმა ძმამ გადაფარა. ლაციოს ფორვარდზე მეტი ბურთი იმ სეზონში გაიტანა მხოლოდ 3-მა მოთამაშემ: რივალდო ფერეირამ, რაულ გონსალესმა და მარიო ჟარდელმა - 10.
აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა წუთობრივად მათზე ბევრად ნაკლები დრო გაატარა მოედანზე. მაგალითისთვის, თუ ესპანელ ფორვარდს 10 ბურთის გასატანად დასჭირდა 1350 წუთი, რომაელთა 21-ე ნომერმა 1 გოლით ნაკლები სულ რაღაც 700 წუთში შეაგდო.

![[VIDEO] სიმონე ინძაგის უნიკალური მიღწევა ფეხბურთელის რანგში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FkpOR8kqgaqtKUacZ4vWSUS8jaFAOUu0o.webp&w=3840&q=75)







