გენუის სამპდორია სერია B-დან სერია C-ში დაქვეითდა. იუვე სტაბიასთან ნათამაშები ფრეს შემდეგ, ლეგენდარულმა გუნდმა დარჩენის თეორიული შანსი დაკარგა. "მეზღვაურების" გავარდნა ორიგინალურად აღნიშნეს მათმა მეზობლებმა, ჯენოას ქომაგებმა, რომლებმაც კლუბის კუბოს გარშემო იცეკვეს.
ამის გარდა, "გრიფონების" გულშემატკივრები ზეიმობდნენ მთელი ქალაქის მასშტაბით და ისინი არც პიროტექნიკის გამოყენებისგან იკავებდნენ თავს. "როსობლუ" არის სამპას მარადიული მეტოქე, რომელთანაც მტრობა გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ერთმანეთის წინააღმდეგ გენუელებს ჩატარებული აქვთ 100-ზე მეტი შეხვედრა და უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესობა "მეზღვაურებს" აქვთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ "აძური" 1991 წელს გახდა სერია ა-ს ჩემპიონი, ერთი წლის შემდეგ კი ამ გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც დრამატულ ბრძოლაში ბარსელონასთან წააგო. ცნობისთვის, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორები კატალონიელები იმ დროს პირველად გახდნენ.
სამპდორიაში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან რობერტო მანჩინი, ჯანლუკა ვიალი, რუდ გულიტი, იურგენ კლინსმანი, სინიშა მიხაილოვიჩი, კრისტიან ვიერი, კლარენს ზეედორფი, სამუელ ეტო'ო, ბრუნო ფერნანდეში და სხვები.

![[VIDEO] ცეკვები კუბოს გარშემო - ჯენოას ფანებმა სამპდორიას გავარდნა აღნიშნეს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FWfiafNaNDDn3ArqPjKw8kSIV2h7slXGq.webp&w=3840&q=75)







