ფლორენციის ფიორენტინას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მილანის ინტერის კაპიტანმა, ლაუტარო მარტინესმა მორიგი გოლი გაიტანა. არგენტინელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად უკვე დაუგროვდა 22 ბურთი, საერთო ჯამში კი მან "ნერაძურის" მაისურით 266 მატჩში უკვე 124 გოლის გატანა შეძლო.
"გველების" ლიდერმა აღნიშნული მაჩვენებლით გადაასწრო კრისტიან ვიერის (190 შეხვედრა, 123 გოლი) და ამჟამად ის მაურო იკარდისთან (219 მატჩი, 124 ბურთი) ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში 8-9 პოზიციებს იყოფს. რაც შეეხება მხოლოდ სერია ა-ს, სიმონე ინძაგის გუნდის 10-იანის ანგარიშზე 98 გოლია.
ინტერნაციონალეს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს ისტვან ნიერსი (182 შეხვედრა, 133 გოლი) და როგორც ვხედავთ, 26-წლის ფორვარდს მის გადასასწრებლად სულ რაღაც 10 ბურთი სჭირდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლაუტარო უნგრელს წელსვე გადაასწრებს. მილანური კლუბის საუკეთესო გოლეადორთა 10-ეული კი ასეთია:
1. ჯუზეპე მეაცა - 287 გოლი
2. ალესანდრო ალტობელი - 209 გოლი
3. რობერტო ბონინსიენა - 171 გოლი
4. სანდრო მაცოლა - 160 გოლი
5. ლუიჯი ჩევენინი - 156 გოლი
6. ბენიტო ლორენცი - 143 გოლი
7. ისტვან ნიერსი - 133 გოლი
8. ლაუტარო მარტინესი - 124 გოლი
9. მაურო იკარდი - 124 გოლი
10. კრისტიან ვიერი - 123 გოლი
Serie A
ვიერის გადაასწრო და იკარდის გაუტოლდა - რომელ ადგილზეა ლაუტარო ინტერის გოლეადორთა სიაში?









