დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის, მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
მოახლოებულ მატჩებზე:
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სექტემბრის თამაშებზე მე მაინტერესებდა როგორ მიუდგებოდნენ ფეხბურთელები ამ გამოწვევას, ჩემი მოლოდინი გადაჭარბებულადაც კი გამართლდა. ახლა გვსურს, რომ სექტემბერში რაც გავაკეთეთ დავამტკიცოთ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერ მეტოქესთან.
რაც შეეხება, მომდევნო მატჩებს, ამ შემთხვევაში ორივე მეტოქე ძალიან ძლიერია, ალბანეთიც და უკრაინაც კარგი გუნდები არიან, მაგრამ ის პოზიტივი, რაც სექტემბერში მივიღეთ, გვსურს გაგრძელდეს.
უკრაინა მაღალი დონის გუნდია, მაგრამ როცა ჩვენ გვიყურებენ, ალბათ ხვდებიან, რომ ხელწამოსაკრავი ნაკრები არ ვართ. რთული შეხვედრა იქნება და ვნახოთ შევძლებთ თუ არა ნავსის გატეხვასა და სასურველი შედეგის მიღებას.
მე მსურს დავინახო, იყო თუ არა სექტემბერი გამონაკლისი, თუ მართლა წინგადადგმული ნაბიჯი. ყველა თამაში ერთნაირი არაა, შესაძლოა, ფეხბურთელმა შეცდომები დაუშვან, მთავარია ეს შეცდომები შემცირდეს. მე ვესაუბრები ფეხბურთელებს და ისინი მზად არიან, ახალი გამოწვევისთვის.
გიორგი გულიაშვილის შესახებ:
ჩვენ გვყავს ერთი დებიუტანტი გიორგი გულიაშვილი. გიორგის დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი. აღსანიშნავია, რომ საკლუბო სეზონი სარაევოში წარმატებით დაიწყო და დავრწმუნდი, რომ ახლა მისთვის შანსის მიცემის საუკეთესო მომენტი იყო.
გიორგი მიქაუტაძის შესახებ:
მიქაუტაძე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით და არ დავივიწყებთ იმას, რაც გიორგიმ საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა. იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
გოგლიჩიძის და ნონიკაშვილის შესახებ:
კონკურენცია რა თქმა უნდა კარგია, ბოლო 10 თვეში ჩვენ ნაკრებში მყარი ნახევარდაცვა ჩამოყალიბდა. ჩვენ გვყავს, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ალთუნაშვილი, რომელიც პროგრესირებს. გოგლიჩიძე სტაბილურად აგრძელებს თამაშს ემპოლიში და მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისაა, როცა უყურებ, შეგრძნება გაქვს, რომ უფრო დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება ნონიკაშვილს, კარგი ფეხბურთელია და იმედი მაქვს საქართველოს ნაკრებს არაერთხელ დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ:
კონტესთან თანამშრომლობა ხვიჩასთვის ნაყოფიერი გამოდგა, კარგად თამაშობს, ვიდრე წინა სეზონზე, თუმცა ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები როგორიც ხვიჩაა, მალე ბრუნდებიან ფორმაში. მე მის ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით, მქონდა კითხვები, თუმცა ახალი სეზონის დაწყებიდან მშვენიერ ფორმაშია.
ზურიკო დავითაშვილის შესახებ:
ზურიკოსთვის და მისი გუნდისთვის ახლა რთული პერიოდია, ისევე როგორც მიქაუტაძის შემთხვევაში და იმედია ისინი შეძლებენ ამ რთული ეტაპის გადალახვას.
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ჩეხეთს და ალბანეთს სძლია. საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი ალბანეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს.
ვილი სანიოლი: ნაკრების ფეხბურთელები ახალი გამოწვევისთვის მზად არიან












