დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთში სტუმრად ითამაშებს.
მოახლოებულ მატჩებზე
– ბოლო თამაშში, ალბანეთთან ტაქტიკური ცვლილება გარემოებებით იყო გამოწვეული, მოგეხსენებათ, ქოჩორაშვილი არ გვყავდა. ვთვლი, ხშირი ტაქტიკური ცვლილებები ფეხბურთელებისთვის კარგი არაა. მათ უნდა იცოდნენ რა დავალება აქვთ ნაკრებში. ბოლო 2-3 წელია ერთ სტილში ვთამაშობთ და ამ მოცემულობას დავუბრუნდებით.
ალბანეთთან თამაშის წინ ტაქტიკური ცვლილების გადაწყვეტილება მივიღე, რომელმაც არ გაამართლა, მაგრამ ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე ჩვენ მეტს ვიმსახურებდით, მინიმუმ 1 ქულას მაინც. მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ჩვენმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია. ახლა მთავარი ამოცანაა სტაბილურობა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებთან არის, შემდგომ კი ვიმუშაოთ კიდევ უფრო განვითარებაზე. იმედი მაქვს, მომდევნო 2 თამაში ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
რთული ჯგუფი გვაქვს, ქართველი გულშემატკივრისთვის გუნდის წარამტება მნიშვნელოვანია, სურთ ორივე თამაში მოიგონ და პირველო ადგილი დავიკავოთ. ჩემთვის მთავარია სტაბილურობა, პორტუგალიასთან ან ჩეხეთთან ნაჩვენები შედეგი არ უნდა იყოს შემთხვევითი, ბოლო 2 თამაშში უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეგვეძლო, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ 2 თამაშში მნიშვნელოვანი იქნება მენტალური მზაობა და გუნდურობა, ამ შემთხვევაში მჯერა უკეთეს შედეგს მივიღებთ.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი კარგი რამ მოხდა და ფეხბურთელებს ამის გაცნობიერება სჭირდებათ. ჩემი დავალებაა, რომ მუდმივად კონცენტრირებულნი იყვნენ და ბევრი იშრომონ. ხვიჩა კვარაცხელია ამის მაგალითია, როცა პირველი სეზონის შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, შემდეგ გააცნობიერა, რომ უწყვეტი შრომა კვლავ მოიტანს წარმატებას.
უკრაინის შემტევ ხაზს ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, ჩვენ აგრესია დაგვაკლდა, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო და ეს კომპონენტი უნდა გავაძლიეროთ.
საბა გოგლიჩიძის შესახებ
არაერთი ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს დაცვაში. ყველაფერი დამოკიდებულია მოთამაშის განვითარებაზე, ყველაფერი სწრაფად იცვლება, როგორც ეს საბა გოგლიჩიძის შემთხვევაში მოხდა, ამ 2 თამაშში გოგლიჩიძეს მიეცემა შანსი, ამ ორი თამაშიდან ერთს მაინც დაიწყებს სასტარტოში. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს და სტაბილურად ასპარეზობს, მას შანსი ეროვნულ ნაკრებში უნდა მიეცეს.
გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ
ლიონი VS სენტ ეტიენის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, ჩვენთვის კი იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელი ითამაშებს ამ შეხვედრაში. ჩემი სიმპათიები სენტ ეტიენისკენაა, მაგრამ ორივეს წარმატებას ვუსურვებ. ზურიკომ სრული ადაპტაცია გაიარა და კარგ ფორმაშია, მნიშვნელოვნად მოუმატა თამაშის ხარისხს, ასევეა გიორგი მიქაუტაძე, რადგან თავდაჯერებული მიქაუტაძე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ანზორ მექვაბიშვილი და ნიკა კვეკვესკირის შესახებ
ეს ორივე ფეხბურთელი ყოველთვის ჩვენი გუნდის ნაწილია, წინა შეკრებაზე ტრავმირებულები იყვნენ, ახლა ორივენი თამაშობენ თავის გუნდში და გამოვიძახე. მექვაბიშვილს ყოველთვის ვაფასებდი, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს. ნიკა გამოცდილი ფეხბურთელია და დიდი როლი აქვს. ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი ვერ მოხვდნენ ამჟამინდელ შემადგენლობაში, რაც ნაკრებში მაღალ კონკურენციაზე მეტყველებს.
გიორგი გულიაშვილის შესახებ
გულიაშვილი ოქტომბერში პირველად გამოვიძახე, ბოსნიის ჩემპიონატი მაღალი დონის ლიგა არაა, თუმცა გიორგი მონდომებული ფეხბურთელია და მჯერა, წარმატებას მიაღწევს, ნაკრებშიც მომავალში შანსი მიეცემა.
ბუდე ზივზივაძის, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ:
რა თქმა უნდა, ყველა ჩემს ფეხბურთელს ვუსურვებ წამყვან კლუბებში თამაშს, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულო. მათ ვურჩევ განაგრძონ შრომა და იმედი მაქვს ისინი უკეთეს გუნდებში გადავლენ.
ვილი სანიოლი: უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებთანაა









