2 წლიანი მუშაობის შემდეგ, რიჩარდ ქოქრილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების და შავი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
საქართველოს რაგბის კავშირი 54 წლის ბრიტანელი სპეციალისტის შეცვლაზე უკვე აქტიურად მუშაობს და აღნიშნულ პოზიციაზე ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა.
ბრიტანული და ახალი ზელანდიური წყაროების მიხედვით, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა უორენ გეტლანდი დაინიშნოს, რომელსაც სანაკრებო დონეზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს.
62 წლის ზელანდიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 1989 წელს დაიწყო, ხოლო 1998-2001 წლებში ირლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. 2007 წელს, გეტლანდი უელსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 2019 წლამდე იმუშავა და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა 6 ერის გამარჯვებული. პარალელურად, ის 2013-21 წლებში ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს წვრთნიდა. გეტლანდი 2022 წელს დაბრუნდა უელსის ეროვნულ ნაკრებში და გუნდი 2025 წელს დატოვა.
უორენ გეტლანდის გარდა, ფრანგულ მედიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მეორე კანდიდატის სახელი გავრცელდა —პიერ-ანრი ბრონკანი. 51 წლის ფრანგ სპეციალისტს არაერთ კლუბში უმუშავია, 2023 წლიდან კი ბრივის მთავარი მწვრთნელია. მას ბრივთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს და თუ საქართველოს რაგბის კავშირთან შეთანხმება შედგა, ბორჯღალოსნებში მუშაობას ზაფხულიდან დაიწყებს. მანამდე კი დროებითი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იქნება.
როგორც ირკვევა, საქართველოს რაგბის კავშირი მთავარ კანდიდატებად სწორედ უორენ გეტლანდს და პიერ-ანრი ბრონკანს განიხილავს. არის მესამე ვარიანტიც,ფრანკ აზემა, რომელიც ბოლოს პერპინიანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.









