მას შემდეგ, რაც რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, სხვადასხვა გამოცემები ალვარო არბელოას წასვლის შესახებ კიდევ უფრო მეტად ალაპარაკდნენ. ბევრი წყაროს ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ესპანელ მთავარ მწვრთნელს სამეფო კლუბიდან გაუშვებენ, თუმცა ეს ამბავი ამ მომენტისთვის 100% დაზუსტებული ჯერ არაა.
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, რეალ მადრიდში ალვარო არბელოას პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ და როგორც ირკვევა სიაში რამდენიმე მთავარი მწვრთნელია.
დიდიე დეშამი, მაურისიო პოჩეტინო და იურგენ კლოპი — სამივე მათგანის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია, თუმცა იურგენ კლოპის რედ ბულის ორგანიზაციიდან წამოსვლის შანსი თითქმის ნულს უტოლდება, შესაბამისად, ამ მომენტისთვის მხოლოდ დიდიე დეშამისა და მაურისიო პოჩეტინოს ვარიანტები რჩება.
როგორც ირკვევა, დიდიე დეშამთან და მაურისიო პოჩეტინოსთანაც პირველი კონტაქტი უკვე შედგა, შესაბაბამისად, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მათზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვებს, ხოლო მაურისიო პოჩეტინო ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება.









