ინტერში ახალ ცხოვრებას ეჩვევიან — იმ ცხოვრებას, სადაც სიმონე ინძაგი "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. იტალიელმა სპეციალისტმა მილანური გრანდი უკვე დატოვა და კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს.
სიმონე ინძაგი ინტერში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა, რა დროშიც 6 ტიტულის მოგება მოახერხა. ახლა კი "ნერაძურიში" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ.
ვინ შეცვლის ინტერში სიმონე ინძაგის?
მთავარი სამიზნე ცნობილია — სესკ ფაბრეგასი! ინტერი ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, მეტიც, უახლოეს საათებში მხარეებს შორის ახალი შეხვედრაც შედგება, სადაც პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. რამდენიმე ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ფაბრეგასი კომოს დატოვებასა და ინტერში გადაბარგებაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა ამ მომენტისთვის 38 წლის სპეციალისტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამ ყველაფერს ემატება კომოს პოზიციაც, იტალიურ კლუბს ფაბრეგასის გაშვება არ სურს.
ვინ არის გეგმა B?
ინტერში სესკ ფაბრეგასის გარდა სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ნერაძურის" უფროსობას პატრიკ ვიეირას, რობერტო დე ძერბისა და კრისტიაკ კივუს ვარიანტებიც მოსწონს.
უახლოეს საათებში პირველ რიგში სესკ ფაბრეგასის საკითხი გადაწყდება. ინტერში ახალი მწვრთნელის შერჩევა კვირის ბოლომდე სურთ, რადგან გუნდს წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ელოდება, რომელიც სტარტს 15 ივნისს აიღებს. თუ ესპანელ სპეციალისტთან შეთანხმება ვერ შედგება, "ნერაძური" გეგმა B-ზე გადაერთვება.









