ფინანსები: პსჟ მბაპეს წასვლის შემდეგ, დაახლოებით, 200 მილიონ ევროს დაზოგავს. ამას ემატება, 80 მილიონი ევრო, რომელიც მბაპეს უნდა მიეღო, გუნდში დარჩენის სანაცვლოდ, 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობების მიხედვით (ე.წ. ერთგულების ბონუსი, საიდანაც 100 მილიონი უკვე მიიღო). ასევე, კილიანმა აგვისტოში იმ ბონუსზე თქვა უარი, რომელიც კონტრაქტით ეკუთვნოდა, რათა უფრო მარტივად წასულიყო სეზონის ბოლოს გუნდიდან. შესაბამისად, ამხელა ფინანსების გამოთავისუფლების შემდეგ, კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი აქტიურობა შეუძლია.
სამიზნეები:
ოსიმენი - ნიგერიელი ფორვარდის მიმართ, ლუიშ კამპოსის ინტერესი ახალი ამბავი არაა, ისინი ერთმანეთს ლილიდან იცნობენ და ძალიან კარგი ურთიერთობაც აქვთ. როგორც უკვე დადასტურდა, ოსიმენი ზაფხულში ნაპოლის დატოვებს. გუნდს რომელსაც მისი ყიდვა ენდომება, 130 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს (გამოსასყიდი თანხა). ფეხბურთელს ლიგა 1-ში დაბრუნება შეუძლია, თუმცა საქმეში პრემიერ ლიგის გუნდებიც არიან.

ლეაო - კამპოსის კიდევ ერთი ძველი მეგობარი, რომელსაც 175 მილიონი ევრო აქვს გამოსასყიდი თანხა, თუმცა თუ რომელიმე კლუბი 100-120 მილიონის ფარგლებში შეთავაზებას გააკეთებს, დიდი ალბათობით, მილანი მოლაპარაკებებზე წამოვა. ამის მიუხედავად, რამდენიმე "პრობლემას" ვეჩეხებით - პარიზულ გუნდს, ლეაოს პოზიციაზე არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს: ზაირე-ემერი, ჩავი სიმონსი (ლაიფციგიდან დაბრუნდება) და ბარკოლა. ამ ფეხბურთელებზე გუნდმა ფსონი უკვე დადო და მათი ეიმედებათ, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ლეაოს ყიდვა გუნდის გეგმებში არ შედიოდეს.

ლაუტარო მარტინესი - ამ სამეულიდან მისი ყიდვა, ალბათ ყველაზე რთული იქნება, მაგრამ არგენტინელი პარიზელთა სიაში არის. ლაუტარო და ინტერი ახალ კონტრაქტზე ისევ მუშაობენ, მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ, თუმცა ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ახალი ხელშეკრულება მალე გაფორმდება. რამდენად აფასებს "ნერაძური" მარტინესს, ჯერჯერობით უცნობია.

უფრო მეტი ინფორმაცია, მბაპეს შესაძლო შემცვლელის შესახებ, სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოსკენ, სეზონის დასასრულს გვეცოდინება.
Alessandro Grandesso © RCS MEDIAGROUP









