ყოველივე ამის მიუხედავად, "აძური", დარტყმებისა და ბურთის ფლობის მაჩვენებლით, სერია ა-ში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "ბებერმა ქალბატონმა" ვერ გამოიყენა რამდენიმე მომენტი და გოლის გატანის თავისი მცდელობები "ლურჯებსაც" ჰქონდათ. ტრადიციულად, დატვირთული იყო მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა.
სტადიო დიეგო მარადონაზე სასტარტო შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა ჰამედ ტრაორე, რომელმაც მილანის ინტერში გადასვლისთვის მზად მყოფი პიოტრ ჟიელინისკი უნდა შეცვალოს. პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიში ფრანჩესკო კალცონას შეგირდებმა გახსნეს, ქართველი ვინგერის ეფექტურ დარტყმას ვოიცეხ შესნიმ ვერაფერი მოუხერხა.

ნაპოლის გარემარბს მიმდინარე სეზონში ცხრა გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მან თავის გამოჩენა შეძლო ზედიზედ ორ შეხვედრაში, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა. ამის გარდა, "პარტენოპეიმ" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, პირველად მოიგო.
"აძურის" სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ამ გუნდს მარცხი ჯერ არ აქვს. კალცონა დაბრუნდა ბარსელონასთან მატჩისთვის, რომელიც "ლურჯებმა" ფრედ ითამაშეს, შემდეგ იყო კიდევ ერთი ყაიმი, ამჯერად კალიარისთან, ბოლო ორ თამაშში კი 2-2 მოგებაა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარადონაზე შარშანდელი ფეხბურთი ბრუნდება? ახლა რთული სათქმელია, ყველაფერი სეზონის დარჩენილი ნაწილის მსვლელობისას გაირკვევა. კალცონას შეგირდებს საპასუხო მატჩი კატალონიელებთან ელით, მეორე წრეში კი დარჩენილია "ნერაძურისა" და რომასთან დაპირისპირებები.

დავუბრუნდეთ მასიმილიანო ალეგრის გუნდთან შეხვედრას, რომელშიც ნაპოლის 77-ე ნომრის გასროლის შემდეგ, ფედერიკო კიეზას ანგარიშის გამთანაბრებელი ბურთი იყო, ვიქტორ ოსიმენის გამოუყენებელ 11-მეტრიანს კი ჯაკომო რასპადორის 3-ქულის მომტანი დამატება მოჰყვა. "პარტენოპეიში" ზეიმია, რადგან იუვე სახლში წაგებით ბრუნდება.
საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს საზეიმო განწყობა და შეძლებს თუ არა "აძური" ამ მაჟორულ ნოტზე გადალახოს ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანას" ბარიერი. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, როგორც აღვნიშეთ, "ლურჯები" მე-9 პოზიციიდან ორი საფეხურით მაღლა დაწინაურდნენ, 4-ეულამდე კი ამ დროისთვის, 8 ქულა აშორებთ.












