22 დღეში ევრობასკეტი 2025 დაიწყება. ტურნირის დაწყებამდე FIBA იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს ვისგანაც გულშემატკივარი სიურპრიზს უნდა ელოდოს.
ვის უნდა მივაქციოთ ყურადღება ევრობასკეტზე? რომელი ნაკრები შემოგვთავაზებს სიურპრიზს? - ამ კითხვების საპასუხოდ FIBA-მ 14 ნაკრები შეარჩია, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებიც მოხვდა.
ის 14 ნაკრები შეარჩიეს, რომელიც FIBA-ს მსოფლიო რეიტინგში ათეულს მიღმაა და XXI საუკუნეში ტურნირზე მედლები არ მოუგია, გულშემატკივარს ხმის მიცემა ფავორიტი გუნდისთვის შეუძლია.
ვის ექნება საუკეთესო ევრობასკეტი? - აღნიშნული სახელწოდებით გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრები 18%-ით მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციას ბოსნია და ჰერცეგოვინა 49%-ით იკავებს, რომელიც ევრობასკეტზე ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს.
აღნიშნული ინფორმაციის მთავარ ფოტოზე გოგა ბითაძე, იუსუფ ნურკიჩი, და დენი ავდია გამოსახული.
FIBA-მ გაიხსენა ის ნაკრებები, რომელთან ევრობასკეტზე მოულოდნელი სიურპრიზი შემოგვთავაზეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს.
მაგალითად, ევრობასკეტი 2011, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიამ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, 2022 წელს კი ევრობასკეტზე პოლონეთმა შეძლო ნახევარფინალში თამაში, რაც წარმოუდგენელი ჩანდა.
შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









