
"ბოლიდი აგრესიულად გამოიყურება და მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. ჩემი მიზანი გუნდთან ერთად განვითარების გაგრძელებაა. აქ 12 წლის ასაკიდან ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. მთავარია სეზონის ბოლოს არ ვინანოთ და შედეგით კმაყოფილები ვიყოთ", - განაცხადა გუნდის პილოტმა, ესტებან ოკონმა.
"ახალი ბოლიდი დიდი შრომის შედეგი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და მზად ვარ ტრასაზე ბოლომდე დავიხარჯო. მინდა, რომ ბოლიდის პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენო და გუნდს რაც შეიძლება მეტი ქულა მოვუტანო", - აღნიშნა მეორე მრბოლელმა, პიერ გასლიმ.
"A524-ში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ და შეიძლება ითქვას, რომ წინა ბოლიდთან შედარებით, ყველა დეტალი განახლებულია. განსაკუთრებით ბევრი აეროდინამიკის მიმართულებით ვიმუშავეთ - შევცვალეთ შასი, დავაყენეთ ახალი უკანა დაკიდების სისტემა და წინა სისტემის ოპტიმიზაცია მოვახდინეთ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია წინა ფრთასა და ცხვირზე, რაც აეროდინამიკას გააუმჯობესებს. ასევე დიდი დრო დავუთმეთ სამუხრუჭე სისტემას, განსაკუთრებით გაგრილების კუთხით" - ბოლიდის დეტალებზე გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, მეთ ჰარმნამა ისაუბრა.
გასულ სეზონზე ფრანგულმა გუნდმა 120 ქულის მოპოვება მოახერხა და კონსტრუქტორთა ცხრილში მე-6 პოზიციაზე გავიდა. პიერ გასლის ანგარიშზე 62 ქულაა, ხოლო ესტებან ოკონის - 58 ქულა.










