სერია ა-ს 37-ე ტურში ყველა ტოპ მატჩი გაიმართა ერთ დროს და საინტერესოა ის, რომ ჩემპიონის ვინაობა გარკვეული ჯერ კიდევ არ არის. ლიდერებმა ნაპოლიმ და მილანის ინტერმა ითამაშეს ფრე პარმასა და რომის ლაციოსთან, შესაბამისად, მათ შორის სხვაობა არის კვლავ 1 ქულა, წინ კი ბოლო ტურია.
"ნერაძური" ორჯერ იმარჯვებდა "არწივებთან", თუმცა ორივე შემთხვევაში დამსჯელად მოქმედ ჩემპიონებს შეცვლაზე შემოსული პედრო როდრიგესი მოევლინათ. შედეგად, 2:2. "პარტენოპეისა" და "ჯალობლუს" შორის კი უგოლო ფრე დაფიქსირდა. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წუთებზე "აძურისთვის" 11-მეტრიანი გაუქმდა.
რაც შეეხება სხვა მატჩებს, რომამ დაამარცხა მილანი, იუვენტუსმა - უდინეზე, ფიორენტინამ - ბოლონია, ემპოლიმ კი მონცა. საბა გოგლიჩიძის გუნდმა დააღწია თავი გასავარდნ ზონას, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დარჩენა ტოსკანელებისთვის გარანტირებული ჯერ არ არის.
რაც შეეხებათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს, ოთხეულში შესვლის თეორიული შანსი დაკარგული აქვთ მილანს, ფიორესა და ბოლონიას, რჩებიან იუვე, რომა და ლაციო, რომლებიც ბოლო ტურში ვაკანტური მე-4 საგზურისთვის იბრძოლებენ.
| ინტერი-ლაციო | 2:2 |
| რომა-მილანი | 3:1 |
| პარმა-ნაპოლი | 0:0 |
| იუვენტუსი-უდინეზე | 2:0 |
| ფიორენტინა-ბოლონია | 3:2 |
| მონცა-ემპოლი | 1:3 |









