ევროპის ტოპ ხუთ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ბრძოლაში ჰარი კეინი თუ არის პრაქტიკულად უკონკურენტო, საუკეთესო ასისტენტობაზე პრეტენზიას რამდენიმე მოთამაშე აცხადებს. ლიდერი ამ მომენტისთვის არის მაიკლ ოლისე, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურისთვის 20 პასის გაკეთება შეძლო.
ფრანგი შემტევის შემდეგ, 18 - 18 საგოლე გადაცემით ბრუნო ფერნანდეში და ფედერიკო დიმარკო მოდიან. საინტერესოა ისიც, რომ სერია ა-ს გასულ ტურში, ასისტების დუბლის შესრულების შემდეგ, იტალიელმა ფულბექმა გადაასწრო პაპუ გომესს და კალჩოში ახალი რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელი ნახევარმცველი კი უმიზნებს ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის მიღწევას, რაც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 20 საგოლე პასის გაკეთებას გულისხმობს. როგორც აღვნიშნეთ, ტოპ 5 ლიგის მიმდინარე სეზონში ლიდერი ჯერჯერობით არის მიუნხენის ბაიერნის ვინგერი, მაგრამ არის კომპონენტი, რომელშიც ის კონკურენტებთან შედარებით იჩაგრება.
ბუნდესლიგა შედგება 34 ტურისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ 24 წლის შემტევს შედეგის გასაუმჯობესებლად სამი მატჩი აქვს დარჩენილი. ინგლისსა და იტალიაში ტარდება 38 ტური, ანუ მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანს თადარიგში აქვს კიდევ 5 შეხვედრა, ინტერ მილანის ფულბექს კი 4.
ყველაზე მეტი ასისტი ევროპის ტოპ 5 ლიგის მიმდინარე სეზონში
| მაიკლ ოლისე | 20 | ბაიერნი |
| ბრუნო ფერნანდეში | 18 | მანჩესტერ იუნაიტედი |
| ფედერიკო დიმარკო | 18 | ინტერი |
| ლუის დიასი | 16 | ბაიერნი |
| იულიან რიერსონი | 13 | დორტმუნდი |
| ლამინ იამალი | 12 | ბარსელონა |
| ბაზუმანა ტურე | 11 | ჰოფენჰაიმი |
| ლუდოვიკ აჟორკი | 10 | ბრესტი |
| ჯარედ ბოუენი | 10 | ვესტ ჰემი |
| რაიან შერკი | 10 | მანჩესტერ სიტი |









