ერთი შეხედვით, უბრალო და იმ დროისთვის თანამედროვე ვიზუალის მქონე ეკიპირება, თუმცა დაკვირვების შემდეგ, ჩანს, რომ მაისურზე დატანილი ორნამენტები ქმნიან სვასტიკას, ნაცისტური მოძრაობის მთავარ სიმბოლოს. ფეხბურთის ქომაგები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, "იების" ოფისის მისამართზე კი მიდიოდა არაერთი თხოვნა, მოთხოვნა და გაფრთხილებაც კი.

პროტესტის უზარმაზარი ტალღა მიდიოდა დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ათწლეულების წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირთან ერთად, ანტიჰიტლერულ კოალიციაში შედიოდა. ნისლიანი ალბიონის ბინადრები კალჩოს თვალს ადევნებდნენ Channel 4-ზე და მათთვის მიუღებელი იყო თითქმის ყოველ უქმეებზე ნაცისტური სიმბოლიკის ყურება.
ამ ყველაფრის შემდეგ, სერია ა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა არტემიო ფრანკის ბინადრებს აღნიშნული ფორმით თამაში აუკრძალა. ეკიპირების ნაწილი ლიკვიდაციაში მოხვდა, ნაწილი კი სანაგვეზე აღმოჩნდა. სეზონის დარჩენილ ნაწილში ფიორეს საგარეო ფორმა მთლიანად თეთრი იყო. დღეს, ფლორენციელთა აღნიშნული კომპლექტი ფეხბურთის კოლექციონერებისთვის ნამდვილ მიგნებად მიიჩნევა.

რაც შეეხება "ვიოლას" ტექნიკურ სპონსორს, ეკიპირება დამზადებული იყო Lotto-ს მიერ, რომელიც კლუბთან 1991-1993 წლებში თანამშრომლობდა. იტალიური კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს იყო უბრალოდ დამთხვევა და ოპტიკური ეფექტი, სინამდვილეში კი მათი იდეის მიღმა ფაშისტური არაფერი იმალებოდა.
დაკვირვებულმა გულშემატკივრებმა კი შორეული წარსულიდან გაიხსენეს ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც "იების" ეკიპირებას მომენტალურად დაუკავშირეს კიდეც. საქმე ისაა, რომ არტემიო ფრანკის ბინადრების დამაარსებელი არის ლუიჯი რიდოლფი, რომელიც თავის დროზე ნაციონალური ფაშისტური პარტიის წევრი იყო.

ამის გარდა, თავდაპირველად, ფიორენტინას სტადიონი ჯოვანი ბერტას სახელს ატარებდა. საუბარია ფაშისტური მოძრაობის კიდევ ერთი ცნობილი აქტივისტის შესახებ. რით დასრულდა ეს ისტორია? - ფლორენციელთა "ფაშისტური" ფორმა აკრძალეს, სვასტიკა ჩაანაცვლა ქათქათა თეთრმა ფერმა, Lotto-სთან თანამშრომლობა კი შეწყდა.
საფეხბურთო სამყაროში არსებობს თეორია, რომ ეს ყველაფერი არ იყო უბრალო დამთხვევა და "ვიოლას" სკანდალური ფორმა, რეალურად ხაზს უსვამდა კლუბის დამაარსებლის იდეოლოგიას. როგორც აღვნიშნეთ, დღეს "იების" გასვლითი ფორმა ითვლება ნამდვილ იშვიათობად, მაგრამ მისი შეძენა მაინც არის შესაძლებელი სხვადასხვა აუქციონზე, საწყისი ფასი 400 ევროა.












