მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ანდრე ონანა კარიერის რეანიმირების მიზნით მანჩესტერ იუნაიტედიდან ტრაბზონსპორში გადავიდა. კამერუნელ გოლკიპერს არ გამოუვიდა ჩანაფიქრი: ტრანსფერიდან 6 თვეში, "ზღვისპირელთა" ქომაგები მის გაშვებას ითხოვენ. სტარტი იყო იდეალური, მაგრამ უკვე დეკემბრისთვის, საფეხბურთო სამყარომ "ლურჯ-წითლების" კარის დარაჯის მორიგი დაღმასვლა იხილა.
29 წლის მეკარის მოგერიებების პროცენტული მაჩვენებელი დაეცა 45.8-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მის კარში წასული დარტყმების ნახევარზე მეტი, გაშვებული ბურთით სრულდება. ამის გარდა, იყო შუალედი, როცა ფატიჰ ტეკეს გუნდის 24-ე ნომრის ანგარიშზე ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 მშრალი თამაში იყო.
ამ ყველაფერს დაუმატეთ ოთხი გაშვებული გოლი გალათასარაისგან და ონანას საბოლოო განადგურება - კოშმარული მატჩი ფენერბაჰჩესთან. პაპარა პარკის ბინადრები დომინირებდნენ მთელი შეხვედრის მანძილზე, მაგრამ მაინც 3 ბურთი გაუშვეს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ სტამბოლელებმა კამერუნელი გოლკიპერის კარში ისედაც 3-ჯერ დაარტყეს.
ცნობისთვის, საპირისპირო მხარეს იდგა ედერსონ მორაესი, ვის ანგარიშზეც ექვსი მოგერიება იყო. ეს მატჩი არის ზუსტი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენს ნიშნავს გუნდისთვის გოლკიპერი. ტრაბზონმა კარში დაარტყა 8-ჯერ, მაგრამ შეაგდო მხოლოდ 2, "იადონებმა" კი როგორც აღვნიშნეთ, 3/3 გაქვითეს.
დომენიკო ტედესკოს გუნდის წინააღმდეგ მატჩი გაიმართა 14 თებერვალს და იმის შემდეგ, ანდრეს ჰქონდა ორი კარგი თამაში გაზიანტეპსა და ფატიჰ კარაგიუმრიუკთან, მაგრამ "ზღვისპირელებში" მისი აღარავის სჯერა. კლუბის ქომაგები ითხოვენ "წითელი ეშმაკების" საკუთრებაში მყოფი გოლკიპერის ინგლისში დაბრუნებას.
პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ 29 წლის მეკარისთვის ოლდ ტრაფორდის კარიც სამუდამოდ დაიხურა. გაურკვეველია, თუ სად აღმოჩნდება კამერუნის ეროვნული გუნდის პირველი ნომერი მომავალ სეზონში, მაგრამ ნათელია ერთი რამ: მას არ დააბრუნებს მაიკლ კერიკი და არც "ლურჯ-წითლები" დაიტოვებენ.









