მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. პრემიერ ლიგის გრანდში წარმატების მიღწევას ვერც რუბენ ამორიმი ახერხებს, რომლის სტატისტიკა უბრალოდ კატასტროფულია. პორტუგალიელმა თავკაცმა 45 შეხვედრიდან მოიგო მხოლოდ 16, წააგო 17, ფრედ კი 12-ჯერ ითამაშა. "წითელი ეშმაკების" დამრიგებლის მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი სულ რაღაც 35.56-ს შეადგენს.
ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა გამოიცვალეს რამდენიმე მწვრთნელი, თუმცა 40 წლის თავკაცზე დაბალი მაჩვენებელი არავის ჰქონია. მანჩესტერის ბოლო დამრიგებელი ამორიმზე ცუდი შედეგით გვხვდება შორეული 50-იანების ბოლოს, ჯიმი მერფი.
უელსელის მწვრთნელობით იუნაიტედმა ჩაატარა 22 მატჩი - 5-ში იმარჯვა, 10-ში დამარცხდა, 7-ჯერ კი ფრედ ითამაშა (22.73). 67 წლის შემდეგ, გამოჩნდა თავკაცი, რომელიც "წითელი ეშმაკების" იმდროინდელი დამრიგებლის შედეგებს მიუახლოვდა. როგორც აღვნიშნეთ, ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ, არსებულ მწვრთნელებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი სწორედ პორტუგალიელს აქვს.
მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელების მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი ალექს ფერგიუსონის შემდეგ
| მწვრთნელი | მოგების პროცენტული მაჩვენებელი |
| ჟოზე მოურინიო | 58.33% |
| ერიკ ტენ ჰაგი | 54.69% |
| ოლე გუნარ სოლსკიაერი | 54.17% |
| დევიდ მოიესი | 52.94% |
| ლუი ვან გაალი | 52.43% |
| რალფ რანგნიკი | 37.93% |
| რუბენ ამორიმი | 35.56% |









